ნუ, ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება და ვის შეეხება ეს 2030 წელი, ეს არის საინტერესო - კობახიძე მიშელის განცხადებაზე
"ქართული ოცნება" შარლ მიშელის განცხადებამ არ დააკმაყოფილა. პარტიის თავმჯდომარე თვლის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება ზოგადია და ბევრ კითხვას აჩენს.
კობახიძისთვის გაურკვეველია, რომელ ქვეყნებს შეეხება 2030 წელს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა - იქნება თუ არა მათ შორის საქართველოც.
კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობას ყველა რეკომენდაცია შესრულებული ექნება დეკემბრისთვის, როცა ევროკავშირმა საქართველოს სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
ამ განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები, მე ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, ზოგადად კონკრეტული თარიღის, წლის დასახელება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა, ნუ, ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება და ვის შეეხება ეს 2030 წელი, ეს არის საინტერესო. მაგრამ არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი აქვთ მიღებული მაგალითად 18-12 წლის წინ, ასეთი ქვეყნებიც არიან. თუ საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებზე, ძირითადად საქმე ეხება ბალკანეთის ქვეყნებს, ეს არის სხვა საქმე. ანუ, როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მის მიმართ არის დაპირება, რომ 7 წელიწადში შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. იმედია, დაკონკრეტდება მომავალში, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი, რომ ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი და რომელიც ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
ჩვენთვის მთავარი რა არის: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. თქვენ იცით, რომ გვაქვს ძალიან ხელშესახები პროგრესი 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და უახლოეს მომავალში დასრულდება ეს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იქნება თავიდან ბოლომდე პირნათელი ევროკავშირის წინაშე და იქნება მზად იმისათვის, რომ დეკემბერში მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
ნუ, გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, - ამბობს კობახიძე.