ასეთი ადამიანები, პირდაპირ ყაჩაღები, არიან ანტიევროკავშირი - კობახიძე ნიკა გვარამიაზე
"ასეთი ადამიანები, პირდაპირ ყაჩაღები, არიან ანტიევროკავშირი, შესაბამისად, ამ ადამიანებს არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, რომ საერთოდ ისაუბრონ ევროკავშირზე", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გააკეთა.
კობახიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა "მთავარი არხის" დამფუძნებლის გუშინდელი განცხადება, რა დროსაც ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ, არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება. დაიხურება ქართული ოცნება და მისი ხელისუფლება".
ნუ, ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ოპოზიციას არანაირად არ სურს, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. კიდევ ერთი წამოცდენა იყო ეს ამ შემთხვევაში გვარამიას მხრიდან.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ პერსონას, გვარამიას, მე შეგახსენებთ ვინ არის გვარამია - ეს არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესის რეკეტის საქმეებში 2012 წლამდე, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ტელეკომპანია "იმედის" ყაჩაღურად მიტაცებაში, რომელიც მერე ყაჩაღურად მიტაცებულ "რუსთავი 2"-ს მართავდა წლების განმავლობაში. ასეთი ადამიანები, პირდაპირ ყაჩაღები, არიან ანტიევროკავშირი, შესაბამისად, ამ ადამიანებს არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვთ, რომ საერთოდ ისაუბრონ ევროკავშირზე. ისინი თავიდან ბოლომდე არიან დაცილებული ევროპულ ღირებულებებს და ისინი არიან ანტიევროკავშირი," - თქვა კობახიძემ.