საქართველო თუ არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, 2030 წელს ვერ მოასწრებს ამ ტალღაში გაწევრიანებას - გოგოლაშვილი

29.08.23 14:41
საქართველო თუ არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, 2030 წელს ვერ მოასწრებს ამ ტალღაში გაწევრიანებას - გოგოლაშვილი

"ისიც ოპტიმისტურია, რომ შარლ მიშელს არ დაავიწყდა და ახსენა საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წარმომადგენელი სლოვენიაში ამ ფორუმზე არ იყო მიწვეული, რაც ცუდია," - ასე აფასებს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი შარლ მიშელის განცხადებას.

გოგოლაშვილის თქმით, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად განახორციელებს რეფორმებს. რადგან როგორც გოგოლაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე შარლ მიშელი ვერ მოიხსენიებდა საქართველოს იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ევროკავშირის წევრობას ელოდება, რადგან ახლა ქვეყანას კანდიდატის წევრის სტატუსიც კი არ აქვს ჯერ. 

ამ რვაში კანდიდატის სტატუსი კოსოვოს არ აქვს, მაგრამ შეიძლება სწრაფად მიიღოს, დამოკიდებულია კოსოვოს და სერბეთს შორის მოლაპარაკებაზე. აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ თურქეთი ამაში არ მოიაზრება ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, თურქეთთან ფიქრობენ, რომ გრძელვადიანად გაგრძელდება რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირს გააჩნია პრეტენზიები თურქეთის მიმართ. 
რაც შეეხება საქართველოს, საქართველო ჯერ არ არის კანდიდატი სახელმწიფო, ამიტომ მას უბრალოდ ვერ მოიხსენიებდნენ ამ შემთხვევაში იმ 8 ქვეყანას შორის, რომელიც განიხილება 2030 წლისთვის გაფართოების შემდგომი ტალღის მონაწილე ქვეყნები," - ამბობს გოგოლაშვილი.

გოგოლაშვილი თვლის, რომ საქართველოში რეფორმების ტემპი შენელებულია და პარტნიორებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას არ ჩქარობს. გოგოლაშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს მთავრობა დირექტივებს რუსეთისგან იღებს და სწორედ ამიტომ არის გაწევრიანების ტემპი შენელებული.

ამ ეტაპზე რაღაცნაირად საქართველომ თავად დააყენა თავის თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ არ აჩვენებს, მაინც და მაინც, დაინტერესებას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებით. თორემ ის რეფორმები, რაც 12 პუნქტში იყო, შეეძლოთ 6 თვეში შეესრულებინათ. მაგრამ ევროკავშირის მხრიდანაც არის შესაბამისი მიდგომა - რა თქმა უნდა, უნდათ საქართველოს გაწევრიანება, მაგრამ თუ საქართველოს არ ეჩქარება, ჩვენც არ მოვიკლავთ თავს ამასთან დაკავშირებით. 


ტემპი შეგნებულად შენელებულია და გამომდინარეობს იმ საგარეო პოლიტიკიდან, რასაც „ოცნება“ ატარეს - ანგარიშს უწევს რუსეთის შეხედულებებს. როგორც ჩანს, რუსეთი კულუარულად საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნებს, რომ არ არის კმაყოფილი იმით, რომ სწრაფად ხდება ჩვენი დაახლოება ევროკავშირთან და ასევე ფიქრობს ხელისუფლების გრძელვადიანად შენარჩუნებაზე. ამ კონტექსტში მას უბრალოდ არ აწყობს ზოგიერთი ისეთი რეფორმის გატარებას, რასაც მოითხოვს ევროკავშირი ჩვენგან, იმიტომ, რომ ამ რეფორმების სრულფასოვნად გატარება ნიშნავს ძალიან ძლიერი ბერკეტების დაკარგვას, რომლებიც მას სჭირდება მომავალ არჩევნებში გამარჯვებისთვის.


კანდიდატის სტატუსი, თუ მიიღებენ, უარზე არ იქნებიან, ამას გამოიყენებს მმართველი ძალა პიარისთვის. ე.ი. ევროკავშირთან შეიძლება ვაჭრობა და ა.შ. მაგრამ ეს ნებისმიერ შემთხვევაში, ამოაგდებს საქართველოს ამ 2030 წლის დედლაინის ჩარჩოებიდან. იმიტომ, რომ უკრაინა და მოლდოვა ალბათ, წელს უკვე მიიღებენ მოლაპარაკებების დაწყების თანხმობას და რამდენიმე წელი სჭირდება მოლაპარაკებებს, 4-5 წელი იმისთვის რომ დახურო ყველა თავი მოლაპარაკების და მიიღო შეთანხმება გაწევრიანების. საქართველო თუ არ მიიღებს მაქსიმუმ კანდიდატის სტატუსს და თუ დადებენ 2030 წელს ევროკავშირში ნიშნულს, საქართველო ვერ მოასწრებს ამ ტალღაში გაწევრიანებას. 


მთავარი, ნომერი პირველი არის ის, რომ საქართველომ სერიოზულად შეხედოს გაწევრიანების ამოცანას და საზოგადოებამ ზემოქმედება უნდა განახორციელოს ნებისმიერ ხელისუფლებაზე, მაქსიმალურად მოსთხოვოს პირველ პრიორიტეტად ყველა იმ რეფორმის შესრულება, რასაც ევროკავშირი უწესებს,“ - ამბობს კახა გოგოლაშვილი.