ცვლილებები არჩევნების წინ - პარტიების დაფინანსებას პრემიერი გააკონტროლებს
პარტიების დაფინანსებას ირაკლი ღარიბაშვილი გააკონტროლებს. მთავრობამ ოპოზიციის წინააღმდეგ ტერორის ახალი მექანიზმი აამოქმედა. პოლიტიკური პარტიები ვალდებულები ხდებიან ფინანსური ანგარიშები ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ აუდიტის სამსახურის ნაცვლად. უწყებას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ფარქვეშ მუშაობს.
არჩევნებამდე ერთი წლით ადრე "ოცნებამ" გადაწყვიტა ოპოზიციის შემოსავლები სრულ კონტროლზე აიყვანოს. ბრძანებით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, პოლიტიკური პარტიებისგან ითხოვენ ინფორმაციას - შემწირველების, საარჩევნო ფონდისთვის გამოყოფილი თანხისა და მივლინებებში დახარჯული ფულის შესახებაც.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ე.წ. შავი ფულის კონტროლი ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა და ახლა პრემიერს დაქვემდებარებული უწყება ამ კუთხითაც დაინტერესდება.
ევროკავშირის რეკომენდაცია იყო, რომ ანტიკორუფციულ სამსახურში მომხდარიყო ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა. ანუ არა მარტო შექმნილიყო ცალკე სამსახური, არამედ ფუნქციების თავმოყრაც მომხდარიყო და ერთ-ერთი ასეთი ფუნქცია არის სწორედ პარტიების ფინანსების კონტროლი. საქართველოში ვერ ხერხდებოდა შავი ფულის კონტროლი, როგორც არჩევნების დროს, ასევე, ზოგადად, პოლიტიკაში. იცით, რომ არიან კონკრეტული ოლიგარქები, რომლებიც ღიად აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს, აღიარება აქვთ ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, მაგრამ ეს ფული არსად არ ჩანს,“ - ამბობს კობახიძე.