მორიგი რეპრესიების მექანიზმი იქნება - რომან გოცირიძე

29.08.23 15:24
მორიგი რეპრესიების მექანიზმი იქნება - რომან გოცირიძე

პარტიების ფინანსების კონტროლის დელეგირება აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციული ბიუროსთვის - "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ ეს ცვლილება რეპრესიების ახალი ტალღის მანიშნებელია.

გოცირიძის შეფასებით, ანტიკორუფციული ბიურო სრულად პასუხისმგებელია პრემიერის წინაშე და შესაბამისად, მთავრობის და მმართველი პარტიის გადაცდომებს არ გამოააშკარავებს.

ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერი, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშია, რომლის ხელმძღვანელს ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, ის არასდროს გამოიძიებს მთავრობის ან თუნდაც, პრემიერ-მინისტრის სავარაუდო კორუფციულ ქმედებებს და ამავე დროს ის ყოველთვის იქნება მორჩილი მთავრობის და შეასრულებს მთავრობის დავალებებს. მორიგი რეპრესიების მექანიზმი იქნება,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

სექტემბრიდან პარტიების ფინანსების კონტროლის ფუნქცია აუდიტის ნაცვლად, მთავრობის ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება. ცვლილების შემდეგ, პარტიები ვალდებული იქნებიან, შემოსავლები და ხარჯები ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ - ანგარიშები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გაწეული ხარჯების, მიღებული შემოსავლებისა და პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ.