ავტომობილების ექსპორტი რუსეთში - ახალი სქემა, რომლითაც ოკუპანტი ქვეყანა სანქციებს თავს არიდებს

29.08.23 17:16
ავტომობილების ექსპორტი რუსეთში - ახალი სქემა, რომლითაც ოკუპანტი ქვეყანა სანქციებს თავს არიდებს

რუსეთისკენ მიმავალი ამერიკული მანქანებისთვის საზღვრები იკეტება - საერთაშორისო სანქციების გამო, აგრესორი ქვეყანა ლარსის სასაზღვრო პუნქტზე აკრძალულ ავტომობილებს ვეღარ გატარებს.

მოჭრილია შემოვლითი გზაც, ანუ თუ აქამდე, რუსებისთვის სასურველი ავტომობილები საქართველოს გავლით ჯერ სომხეთში მიდიოდა, იქიდან კი დაბრკოლების გარეშე რუსეთში ხვდებოდა, ძალიან მალე ესეც შეუძლებელი იქნება.

თუმცა სანქციების ქვეშ მყოფი ოკუპანტი ქვეყანა ახალ შეზღუდვებს ახალი გეგმით ხვდება. ყაზახეთის გზა არის რუსეთისთვის ახლა პრიორიტეტი - სწორედ ყაზახეთში მოხდება საქართველოდან ავტომობილების გატანა, შემდეგ კი გადაიტანენ მანქანებს რუსეთში. 

რუსი ბლოგერები ამის შესახებ უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ. სოციალურ ქსელში პირდაპირ ავტოიმპორტიორები საუბრობენ, რომ სომხეთიდან რეექსპორტის აკრძალვის შემდეგ, გამოსავალი ყაზახეთია.

მოგესალმებით მზიანი საქართველოდან, მაქვს ცუდი და კარგი ახალი ამბები, ცუდით დავიწყოთ. საქართველომ ჩაკეტა რუსეთში ამერიკული და ევროპული მანქანების რეექსპორტი, რომელიც სომხეთიდან ხორციელდებოდა. გადაზიდვები რუსეთში დაკეტილია, ანუ ახლა ის ავტომობილები, რომლებიც ამერიკიდან მოდიოდა საქართველოში იქიდან კი სომხეთში გადადიოდა, ახლა რჩება სომხეთში და გზას ვეღარ აგრძელებს, ეს დახლი დაიკეტა, მაგრამ უკვე ვიპოვეთ გზა, ავტომობილები ყაზახეთიდან უნდა ჩამოვიტანოთ, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, როგორ ჩამოიყვანოთ ამერიკული მანქანები პრობლემა არ არის, ეს შესაძლებელია", - ამბობს ერთ-ერთი რუსი ბლოგერი.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთი ყაზახეთის გზას გამოიყენებს, თუმცა, ამბობს, რომ საქართველოდან ყაზახეთისკენ ავტომობილების გაყვანის გაკონტროლება რთულია.

სავარაუდოდ, ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რომ ხვდება ავტომობილები, მერე ის ავტომობილები, უკვე ყაზახების და ყირგიზების გადასაწყვეტია მოხვდება თუ არა რუსულ ბაზარზე, ჩვენ ამას ვერ გავაკონტროლებთ. სანქციების შემდეგ  ერთადერთი ალტერნატიული ბაზარი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის იგივე მეორადი თუ თუნდაც ახალი ავტომობილების თვალსაზრისით დარჩა საქართველო. როდესაც შემოდის, ავტომობილს ყიდულობს, ვერ გააკონტროლებ, ის საკუთარი მოხმარებისთვის უნდა, იმ ადამიანს საზღვარზე გაჰყავს თუ უნდა რუსეთში გასაყვანად. ამიტომ სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ, ამაზე მოილაპარაკონ - სამთავრობოთაშორისი ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც დაარეგულირებს, რომ აქედან გასული ავტომობილი, ევროპიდან შემოსული ან ამერიკიდან შემოსული და გასული დარჩება ყაზახეთში და არ აღმოჩნდება რუსეთში. ამ არეულობაში ზარალდება იმპორტიორი,“ - ამბობს ალექსი ნონიაძე.

 რუსულ სქემაში მონაწილეობა საქართველოს რომ სანქციების დაკისრებად შეიძლება დაუჯდეს, ამაზე საუბრობს ეკონომისტი ოთარ აბესაძე.

საქართველოდან ხდება სანქცირებული ქვეყნის მიმართ ექსპორტირება იმ პროდუქციის, რომლის მწარმოებელი ქვეყანაც არის ამკრძალავი თუ ეს პროდუქტი მოხვდეს რუსეთში. შესაბამისად, საქართველო ეხმარება რუსეთს, ყაზახეთის და ყირგიზეთის გვერდის ავლით შექმნას ახალი სატრანსპორტო დერეფანი და ამ დერეფნის გავლით რუსეთში მოხვდეს ის პროდუქცია, რომელიც არის მათთვის აკრძალული, შესაბამისად, დღეს უკვე ვდგავართ იმ აგრესიული რისკის წინაშე, რომ საქართველო გახდება მორიგი სანქციების და წნეხის ქვეშ,“ - ამბობს ოთარ აბესაძე.