პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს იწყებს - " ოცნება" ზურაბიშვილს თვალთმაქცობაში ადანაშაულებს

30.08.23 13:46
პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს იწყებს - " ოცნება" ზურაბიშვილს თვალთმაქცობაში ადანაშაულებს

სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ტურნეს იწყებს. პრემიერი შვებულებაშია, პრეზიდენტი კი შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან გეგმავს.

ზურაბიშვილი აპირებს პოლიტიკოსები თავად დაარწმუნოს, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ნამდვილად იმსახურებს. პირველი ოფიციალური შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი. ბერლინში ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდება.

 პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს ხელისუფლებაში კრიტიკა მოჰყვა.

გია ვოლსკის თქმით, პრეზიდენტის აქტივობები თვალთმაქცობაა, ხოლო მესიჯები ევროპარლამენტის ლიდერებთან კი არასწორად და დამაბნევლად შეაფასა.

ეს აქტივობები თვალთმაქცობას უფრო ჰყავს, ის ფორმატი, ის ფორმულა, რომ ხალხი, საზოგადოება სხვა არის და მთავრობა სხვა არის და მთავრობა ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს, თუკი ამ ფორმულით ჩადიხარ ევროპულ დედაქალაქებში, ან ბრიუსელში, რასაკვირველია თვალთმაქცობაზე კიდევ უფრო უარესიც კი შეიძლება იყოს. ხელისუფლებას არ უნდა, ეს არის მესიჯი, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს ხელისუფლების შესაცვლელად სხვადასხვა მეთოდით. ეს არასწორი მესიჯი დამაბნეველი მესიჯი, რა საკვირველია ევროკავშირში ცუდად მუშაობს, ვინაიდან უსმენენ, პრეზიდენტია", - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ პრობლემა  საქართველოს ხელისუფლებაშია და არა ევროპაში და ევროპელ ლიდერებში.

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძის თქმით, სანამ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში გაემგზავრება, შეხვედრები უნდა გამართოს კობახიძესთან, ღარიბაშვილთან და ივანიშვილთან, რადგან პრობლემა სწორედ მათშია და არა ევროპელ ლიდერებში.

ცუდი არ არის, რა თქმა უნდა, ევროპაში და ევროპელ ლიდერებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, მაგრამ სანამ წავა ევროპაში, მანამდე შეხვდეს კობახიძეს, ღარიბაშვილს, ივანიშვილს, მისი დასახელებულია სალომე ზურაბიშვილი და მათ დაელაპარაკოს იმიტომ, რომ პრობლემა არის საქართველოს ხელისუფლებაში და არა ევროპაში და ევროპელ ლიდერებში", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე.