ეს არის საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი ვიზიტი - გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

31.08.23 12:15
ეს არის საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი ვიზიტი - გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტზე

"ეს არის საქართველოს მოქალაქის ვიზიტი. სალომე ზურაბიშვილს არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად არ აქვს უფლება ევროპაში პოლიტიკური მოლაპარაკებები აწარმოოს," - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის დაგეგმილ ევროპულ ტურნეს.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გაილაშქრა ხელისუფლების წინააღმდეგ და კონსტიტუცია დაარღვია.

რადგან მან გადაწყვიტა, პირადი ვიზიტი მაინც განახორციელოს, უცხოელ კოლეგებს უნდა მივმართოთ, რომ იცოდნენ, ეს არის ჩვეულებრივი, საქართველოს მოქალაქის ვიზიტი, რომლის უფლებაც მას ექნება მას მერეც, როცა პრეზიდენტი აღარ იქნება. არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად არ აქვს უფლება იქ პოლიტიკური მოლაპარაკებები აწარმოოს, მას უფლება აქვს, როგორც მოქალაქეს ჩავიდეს უცხოეთში და შეხვდეს ნებისმიერ დიპლომატს თუ პოლიტიკოსს, მაგრამ მას არ ექნება არც ლეგიტიმაცია, არც სამართლებრივი მხარდაჭერა. კონსტიტუცია მან არაერთხელ დაარღვია და ამით შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტიც არის, ფორმალურად მაინც,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დეპუტატი თვლის, რომ პრეზიდენტი საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის, როცა ამბობს, რომ უნდა ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, ამ დროს კი "მთავარი არხის" დამფუძნებელს იწყალებს.

ვსაუბრობთ საქართველოს იმ პრეზიდენტზე, რომელმაც გაცხადებულად გაილაშქრა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, საზოგადოების, მისი ამომრჩევლების წინააღმდეგ, რომელმაც შეურაცხყოფაც მიაყენა საზოგადოებას, რომელიც მასთან ადმინისტრაციაში მივიდა. მას პრობლემა არ აქვს, როგორც პრეზიდენტს, როცა ევროპარლამენტარი თუ სხვა ნებისმიერი თანამდებობის პირი უცხოეთიდან არასამართლიან და შეურაცხმყოფელ განცხადებას გააკეთებს. ერთი განცხადებაც არ გვახსოვს, სადაც დიპლომატიურად მაინც გასცემდა პასუხს ევროპარლამენტარებს, ყოფილ თუ მოქმედ ელჩებს და ა.შ. ის, რომ მორიგ შარში გაეხვია საქართველოს პრეზიდენტი, ამას მიანიშნებს ის, რომ მან შეიწყალა გვარამია, რომელიც იბრძვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. მთავრობას ვისთვის უნდა დაეჯერებინა - პრეზიდენტი, რომელმაც გვარამია შეიწყალა და რომელიც იბრძვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, თუ პრეზიდენტის თხოვნისთვის, რომელიც არაევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიდის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ. საქართველოს პრეზიდენტთან სანდოობის ხარისხი არის უკვე განულებული და მთავრობა, რომელიც პარლამენტის მიერ არის დანიშნული და ანგარიშვალდებულია ხალხთან, ბუნებრივია, ასეთ ვიზიტებზე მას ვერ დათანხმდებოდა. ის არ დადგა ქართველი ხალხის უმრავლესობის და სახელმწიფოს მხარეს, სამწუხაროდ, აღმოჩნდა გარკვეული უცხოური ძალების მხარეს, რომელთა გაცხადებული მიზანია საქართველოში მეორე ფრონტი, არეულობა და ხელისუფლების უკანონო შეცვლა. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. როცა იწყალებ ადამიანს, რომელიც იბრძვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ და ამბობ, რომ ვითომ სტატუსი გინდა და ამიტომ გინდა ვიზიტებში წასვლა, ბუნებრივია, ამას არავინ დაიჯერებს. სანდოობის ხარისხი იმ დონეზეა დაწეული, რომ უარი მიიღო," - ამბობს მაჭარაშვილი.