თბილისერვის ჯგუფი 60 ახალ ავტომობილს ყიდულობს - ბიუჯეტს ახალი მოდელის მანქანები 3 მილიონზე მეტი უჯდება

31.08.23 12:39
თბილისერვის ჯგუფი 60 ახალ ავტომობილს ყიდულობს - ბიუჯეტს ახალი მოდელის მანქანები 3 მილიონზე მეტი უჯდება

აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, თბილისერვის ჯგუფი 60 ახალ ავტომობილს ყიდულობს. მთავარი მოთხოვნაა, რომ ავტომობილები ბოლო მოდელის 2023 წელს გამოშვებული იყოს.

უწყებამ შესყიდვის გადაწყვეტილება აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად მიიღო. უწყებაში ამბობდნენ, რომ თბილსერვისი იყენებს ასეულობით მსუბუქ და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებას, რისი საჭიროებაც რეალურად არ არსებობს. კომპანიის ფულადი სახსრები კი ამ ავტომანქანების მოვლა-შენახვისთვის არარაციონალურად იხარჯება.

60 ახალი, მსუბუქი ავტომანქანის შესაძენად თბილსერვის ჯგუფმა 3 205 680 ლარის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული მსუბუქი ავტომობილი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), განბაჟებული და გამოშვებული არაუადრეს 2023 წლისა.