კობახიძის მუქარა: პრეზიდენტი უხეშად არღვევს კონსტიტუციას, რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ

31.08.23 13:44
კობახიძის მუქარა: პრეზიდენტი უხეშად არღვევს კონსტიტუციას, რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი "უხეშად არღვევს" კონსტიტუციას, რასაც ირაკლი კობახიძის თქმით,  "შესაბამისი რეაგირება სჭირდება".

საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობით არის მხოლოდ პრეზიდენტი უფლებამოსილი, განახორციელოს წარმომადგენლობითი ურთიერთობები საგარეო პოლიტიკაში და ასევე ჩაერთოს საერთაშორისო მოლაპარაკებებში. აქედან გამომდინარე, ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მას აქვს ფიცი დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ"- ამბობს კობახიძე.

მეტიც, ოცნების თავმჯდომარის ტკიცებით, ზურაბიშვილი საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს: 

ზედმეტად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამ თემას, ისედაც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს. მნიშვნელობა არ აქვს ის ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს გააკეთებს საქართველოს პარლამენტის შენობაში თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ გახსოვთ, საქართველოს პარლამენტის შენობიდან დაუპირისპირდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და უფრო მეტიც, თქვა, რომ წელსაც მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში. შესაბამისად, გამოდის, რომ მისი აზრით, წელსაც არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი გზავნილების შესახებ ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებაშია ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან"- თქვა კობახიძემ. 

კობახიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.