ჩვენი ეროვნული ამოცანაა, საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“ - კობახიძე

31.08.23 14:06
ჩვენი ეროვნული ამოცანაა, საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“ - კობახიძე

"ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს.

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენლების მხრიდან პარტიის დატოვებას ეხმაურება და ამბობს, რომ ახლა პარტიაში პოზიციებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

ეს არის ბრძოლა „ნაცმოძრაობის“ შიგნით პოზიციებისთვის. ვიცით, რომ არის რამდენიმე დაჯგუფება, გარდა ამისა, მათი ფორმალური დაჯგუფება არის ძალიან სუსტი და შესაბამისად, აქვთ იმედი, რომ რაღაცნაირად მოახერხებენ მისი პოზიციების შერყევას. ბრძოლები მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით. ძალიან კარგია, რაც მეტად გაღვივდება ასეთი დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვიტყოდი ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის, შესაბამისად, ძალიან კარგი მიმართულებით წარიმართება ეს პროცესები. რაც უფრო მეტი იქნება დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიგნით, მით უკეთესი. რაც შეეხება კეზერაშვილს, ის არის არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“, არამედ მთლიანად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, მთავარი დონორი. აქედან მისი ფინანსების გათვალისწინებით, ის არის გამოკვეთილი, როგორც ერთგვარი რეალური ლიდერი რადიკალური ოპოზიციის შიგნით“, – განაცხადა კობახიძემ.