მეფეც კი არ აძლევდა თავს ამის უფლებას - ქადაგიშვილი პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს
საქართველოს პრეზიდენტს მმართველი გუნდი, ფაქტობრივად, იმპიჩმენტით ემუქრება. "ქართული ოცნების" დეპუტატებს სალომე ზურაბიშვილზე იერიში დილიდან მიაქვთ, რაც გაირკვა, რომ პრეზიდენტი მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპული ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
ირაკლი ქადაგიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს. ამას გარდა, დეპუტატი პრეზიდენტს ოპოზიციური პარტიების გზავნილების გამეორებაში ადანაშაულებს. როგორც ირკვევა, მმართველი პარტიისთვის მიუღებელია ის განცხადება, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანს - დასავლურ გზას გაითვალისწინებს და სტატუსის მინიჭების საკითხი სწორედ ასე გადაწყდება.
დაუბრუნდეს უნდა პრეზიდენტი საკონსტიტუციო ჩარჩოებს, ის არის ქვეყნის ერთიანობის, კონსტიტუციისა გარანტი და პირველი არის, ვინც არღვევს კონსტიტუციას.
ქალბატონი პრეზიდენტის განცხადებები ემთხვევა ერთი ერთში გარკვეული ოპოზიციის განცხადებებს, რომ მთავრობა არ იმსახურებს, ხალხი იმსახურებს - მას ეს ხშირად უთქვამს და გარკვეული მოწოდებებით გამოსულა. აქედან გამომდინარე, მას სულ არ აქვს ის ინტერესი, რომ მთავრობის პოლიტიკის გატარებაში იყოს თანამოზიარე, მას აქვს იმის ამბიცია, რომ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აწარმოოს, რისი უფლებაც მას კანონით არ აქვს. როცა ხარ პრეზიდენტი და როცა გგონია, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტისთვის არ დაწერილა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
ეს არის კონსტიტუციის ერთ-ერთი უხეში დარღვევა, ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის შინაარსის დარღვევა. მეფეც და დედოფალიც არ აძლევდნენ თავის თავს იმის უფლებას, რომ მთავრობის ნებართვის გარეშე რაიმე საგარეო აქტიურობა გაეტარებინა,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.