"ოცნების" უარის მიუხედავად, პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას შეხვდა

31.08.23 14:28
"ოცნების" უარის მიუხედავად, პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას შეხვდა

"ოცნების" უარის მიუხედავად, პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ადმინისტრაციის ცნობით, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის დროს სალომე ზურაბიშვილმა ურაინაში მიმდინარე პროცესებსა და ქართველი ხალხის მხარედაჭერაზე ისაუბრა. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ასევე გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობა წარმოადგენდა.

ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მოიწვია.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მიდგომები შეცვალა კანდიდატი ქვეყნებისადმი და ის უფრო პოლიტიკური გახდა.  

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში და სოლიდარობას უცხადებს მას.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სიმბოლურია, რომ ბერლინის შეხვედრა საქართველო - გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავს ემთხვევა. საქართველო არ ივიწყებს იმ პერიოდში ესოდენ მნიშვნელოვან როლს, რომელიც გერმანიამ ითამაშა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მხარდაჭერის მიმართულებით. ,,თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს ძველი მეგობარი - ეს გერმანიაა!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს მის მიერ არჩეულ გზას!

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ახალ გარემოში კავკასია სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს და იმედი გვაქვს, რომ გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ახალ ენერგეტიკულ მარშუტებს ეძებენ, კავკასიის შესაძლებლობებით დაინტერესდებიან.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მიიწვია," - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.