იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და პრეზიდენტს გარანტიები ენმ-სა და გლობალური ომის პარტიისგან აქვს - კობახიძე

31.08.23 14:45
იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და პრეზიდენტს გარანტიები ენმ-სა და გლობალური ომის პარტიისგან აქვს - კობახიძე

დაიწყებს თუ არა მმართველი ძალა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ პარლამენტში ამ ეტაპზე სახელისუფლებო გუნდს საკმარისი ხმების რაოდენობა არ აქვს. იმპიჩმენტს 100 დეპუტატის თანხმობა სჭირდება, მაშინ, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა 84 დეპუტატითაა წარმოდგენილი.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ მთავრობის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილი მარტო არ მოქმედებს და მას "ნაციონალური მოძრაობისა" და "გლობალური ომის პარტიის" იმედი აქვს. 

ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს, რომ აქ პირდაპირ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე ძალიან მარტივად დადგინდება ეს, თუმცა იცით, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედი. ამ გარანტიის გარეშე ის, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას უხეშად არ დაარღვევდა, მას აქვს გარანტიები მათი საერთო პატრონებისგან. სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“ ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას. ვინ არიან, ამას არ ჩავუღრმავდები, არ დავაკონკრეტებ, მაგრამ საზოგადოება მეტ-ნაკლებად ალბათ გათვითცნობიერებულია, ვის შეიძლება ვგულისხმობთ ამაში, ეს არის გლობალური ომის პარტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.