ხელისუფლება ეძებს განტევების ვაცს, იმპიჩმენტის საკითხი მნიშვნელოვნად შემოვა - თინა ხიდაშელი

31.08.23 16:08
ხელისუფლება ეძებს განტევების ვაცს, იმპიჩმენტის საკითხი მნიშვნელოვნად შემოვა - თინა ხიდაშელი

"საქართველოს ხელისუფლება ეძებს ახლა განტევების ვაცს, ვის უნდა გადააბრალოს საკუთარი მარცხი ევროინტეგრაციის გზაზე, ის დიდი ხანია, ამისთვის ნიადაგს ამზადებს," - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მთავრობის მიერ პრეზიდენტის ვიზიტის დაბლოკვას.

თინა ხიდაშელის თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს მისი ამომრჩევლის შენარჩუნებას და მათი განცხადებებიც მხოლოდ ამ ხმების შენარჩუნებას ემსახურება. როგორც ხიდაშელი ამბობს, "ქართულმა ოცნებამ" კარგად იცოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც წავიდოდა აკრძალვის მიუხედავად ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად.

ეს არის, რა თქმა უნდა, სწორედ საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგთან დაკავშირებული პრობლემა, მის გარშემო ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ეძებს ახლა განტევების ვაცს, ვის უნდა გადააბრალოს საკუთარი მარცხი ევროინტეგრაციის გზაზე, ის დიდი ხანია, ამისთვის ნიადაგს ამზადებს. თითქმის 15 თვეა, უკვე კამპანია მიმდინარეობს ქვეყანაში ქართული ოცნების მხრიდან ერთადერთი გზავნილით, რომ ბოროტი ადამიანები დადიან ბრიუსელში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, კოლექტიური ნაცები არიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს გზავნილი, ეს მცდელობა მაინც და მაინც, არ მუშაობს, ამას ხედავენ იმიტომ, რომ იმდენად მძიმეა საქართველოს ხელისუფლების მიერ გავლილი გზა ბოლო 2 წლის განმავლობაში, რომ რთულია ვინმეს სხვას დააბრალონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ეს მარცხი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ ისინი განუხრელად დგანან ამ გზაზე, რომ მუდმივად ხელი სადღაც გაიშვირონ გარდაუვალი მარცხის მოლოდინში და ახლა დაინახეს შესაძლებლობა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ გზაზე დააყენოს,“ - ამბობს ხიდაშელი.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის საკითხით მუქარას, ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ მმართველმა პარტიამ ეს თემა გააქტიუროს იმის მიუხედავად, რომ წინასწარ იცის, საკმარისი ხმების რაოდენობა ამ პროცესისთვის არ აქვს.

გაგრძელება ექნება, შეიძლება იმის გამო, რომ იციან, ჩავარდება ეს წინადადება, კენჭისყრამდე საქმე არ მიიყვანონ იმპიჩმენტის შესახებ, მაგრამ პოლიტიკური რიტორიკის სეგმენტში იმპიჩმენტის საკითხი ახლა მნიშვნელოვნად შემოვა და ამასაც გამოიყენებენ, როგორც იმის დასტურს, რომ იქ ვიღაც ბოროტი კოლექტიური ნაცმოძრაობაა, რომელიც ახლა მათ შორის, ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგსაც ემუქრება და არა მხოლოდ საქართველოს ევროპულ გზაზე უქმნის პრობლემას," - განაცხადა ხიდაშელმა.