ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს ადგილი ისტორიულ პროცესში - რას ამბობენ ოპოზიციაში

31.08.23 17:20
ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს ადგილი ისტორიულ პროცესში - რას ამბობენ ოპოზიციაში

როგორ უნდა მოქმედებდეს საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თარიღს, რომელიც შარლ მიშელმა ევროკავშირის გაფართოების წლად დაასახელა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მთავარი აქცენტი უნდა იყოს ევროინტეგრაციაზე და რეფორმების გატარებაზე.

როგორც "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს რეალური არ არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ახალი წევრების მიღების თარიღად 2030 წელი დასახელდება. 

ჩვენ არ უნდა ავყვეთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას, რომელიც ატყუებს საზოგადოებას, რომ თითქოს 2030 არის ძალიან შორეული პერსპექტივა ან უკრაინისთვის ან მოლდოვისთვის ან ჩვენთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. 6 წელიწადში - 2030-ისთვის ხელშესახები რაიმე ნაბიჯების გადადგმა გაწევრიანების გზაზე არის ძალიან დიდი მიღწევა ევროკავშირისა და ჩვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც მოაწყო საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"დროაში" თვლიან, რომ თუ ის ტემპი და პოლიტიკა შენარჩუნდება, რაც დღეს ქვეყანაშია, საქართველოს ნამდვილად არ ექნება პერსპექტივა კანდიდატის სტატუსის მიღების ან წევრობის. 

ჯამში, მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი დაიძრა - ევროკავშირი გაფართოვდება, გაფართოვდება აღმოსავლეთით. საქართველო დემოკრატიას შორდება და მიდის ავტორიტარიზმისკენ, ამიტომაც 30 წლამდე პერსპექტივაში, თუ გავაგრძელებთ იმ მიმართულებით სვლას, საითაც მივდივართ, არა მარტო დღეს არ ვართ მზად, უფრო და უფრო დავშორდებით ევროკავშირს, ბუნებრივია, თუ გვექნება არაფორმალური მმართველობა, კორუფცია. ეს ისტორიული ფანჯარა არ მთავრდება არც ერთ წელიწადში, არც ორ წელში, ეს 30 წლამდე არის პოლიტიკური პროცესი ახალი ევროპული წესრიგის შექმნის,“ - ამბობს ბათუ ქუთელია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ თარიღზე დავა იქიდან გამომდინარეობს, თუ რამდენად არიან ქვეყნები მზად სტატუსის მისაღებად. 

ყველა რეკომენდაციის თითო პუნქტზე დღეს ვითარება უარესია, ვიდრე იყო ერთი წლის წინ. ეს არის სამწუხარო რეალობა. როცა ვხედავთ, კამათს ევროკომისია და ევროსაბჭოს შორის, ეს არის მაგის შედეგი - არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ქვეყნები, როგორც საქართველო, არ არიან მზად დღეს ევროინტეგრაციისთვის,“ - ამბობს ალექსანდრე კრევო-ასათიანი.