კორუფცია წყალტუბოში - მერია ხიდის აღდგენაში ნახევარ მილიონს "ოცნების" დეპუტატს უხდის
პოლიტიკური კორუფცია წყალტუბოში - ქალაქის მერია ხიდის აღდგენაში ნახევარ მილიონს ხარჯავს. ხალხის ფული კი წყალტუბოს საკრებულოს წევრს "ოცნების" რიგებიდან ანდეს. საჯარო მოხელეს, რომელიც წესით, მერიის მაკონტროლებელია, უწყებამ ხელშეკრულება გამარტივებული წესით და უკონკურენტოდ დაუდო.
უკვე წლებია, ჯეირან ომანაძის კომპანია ამ სქემას მიყვება. 60 მილიონზე მეტი ბიუჯეტიდან საჯარო მოხელეს უკვე მიღებული აქვს. მის სახელზე გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები კი მხოლოდ მატულობს. ჯეირან ომანაძე ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს და ამბობს, რომ წლებია ასეთ ხელშეკრულებებს აფორმებს და მისი კომპანია სანდოა.
რუსი ოლიგარქის ივანიშვილის პირობებში წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია კორუფციამ და თუ აქამდე მალავდნენ მაინც „ქართული ოცნების“ დეპუტატები საკუთარ კომპანიებს და ხან ცოლებზე, სიდედრებზე აფორმებდნენ ხოლმე, ახლა პირდაპირ ვხედავთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტენდერის გარეშე მერმა გაუფორმა, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის კონტრაქტი თავისივე „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატს, რაც წარმოუდგენელია - ამ ადამიანებს არ გაუგიათ არც ინტერესთა კონფლიქტი, არც სამსახურებრივი შეუთავსებლობა. ასეთი კორუმპირებული დეპუტატები იზრუნებენ მერე ხალხის პრობლემებზე? ხელისგულზე დევს დანაშაული, უბრალოდ ასე თავხედურად იპარავენ ხალხის ფულს,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
წყალტუბოს საკრებულოს ოპოზიციაში არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გამარტივებული წესით გაუფორმეს ხელშეკრულება. საკითხის გარკვევის შემდეგ კი ითხოვენ გამოძიების დაწყებას.
ჩვენთვის ცნობილი გახდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხიდის რეაბილიტაციის შესახებ, სადაც წესით, უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიას უნდა განეხორციელებინა ეს სამუშაო. მაგრამ მოხდა ის, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად გაფორმებული იქნა კომპანიაზე, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ საკრებულოს წევრი. ჩვენ ამ ფაქტთან დაკავშირებით მონიტორინგს გავუწევთ, რატომ მოხდა ასე - ნახევარ მილიონამდე ლარია გამოყოფილი ამ ყველაფრის განხორციელებისთვის და აუცილებლად დავაკვირდებით პროცესებს,“ - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.