დაანონსებული შურისძიება - როგორ აპირებს "ქართული ოცნება" ურჩი პრეზიდენტის დასჯას
დაანონსებული შურისძიება - როგორ აპირებს "ქართული ოცნება" ურჩი პრეზიდენტის დასჯას. "ამას რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ," - მმართველი პარტიის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილს ემუქრება. არ არის გამორიცხული სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდეს. "ოცნება" სწორედ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევაში ადანაშაულებს მთავარსარდალს. მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად წასულ პრეზიდენტს ბრალდებები გზაში დააწიეს.
პოლიტიკური შინაპატიმრობის ვერდიქტი გამოტანილია - პრეზიდენტს ოფიციალურად ქვეყნიდან არ უშვებენ. მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, მთავრობას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, ხელისუფლებაში ახლა ფიქრობენ, რა პოლიტიკური ფასი გადაახდევინონ მთავარსარდალს. სალომე ზურაბიშვილს "ოცნებისთვის" დღეს არ უპასუხია. მან მხოლოდ ის კადრები გაავრცელა, როგორ მიაცილებს საქართველოს პრეზიდენტს სამთავრობო ესკორტი გერმანიის პრეზიდენტის სასახლესთან.