"ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
"ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ - მმართველი გუნდი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
მივიღეთ გადაწყვტილება, პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე", - თქვა რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება იმის მიუხედავად, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
გუშინ და გუშინ წინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად პოლიტიკურ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა, უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე.
გარდა ამისა იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული", - თქვა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავენ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, "საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურად დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას".