იცის, რომ სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სურს ქულები თავად დაიწეროს - კობახიძე პრეზიდენტზე

01.09.23 11:41
იცის, რომ სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სურს ქულები თავად დაიწეროს - კობახიძე პრეზიდენტზე

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს "კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში" ადანაშაულებს. 

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ მთავრობაა უფლებამოსილი განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა.

კობახიძის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საქართველოს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი.

ამასთან, კობახიძის მტკიცებით ზურაბიშვილმა იცის, რომ სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სურს ქულები თავად დაიწეროს. 

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საქართველოს მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება. კერძოდ, მისი პოზიციაა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მეტიც, მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ახლაც მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც ნიშნავს, რომ მისი აზრით, საქართველო კანდიდატის სტატუსს არც ახლა იმსახურებს. ამგვარი დამოკიდებულების ფონზე, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი კონტრპროდუქტიულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით და პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საქართველოს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის უარი პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით დასაბუთებულია როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

ამასთან, ერთი მხრივ, პრეზიდენტმა იცის, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და მას სურს, მოვლენების ამგვარი შესაძლო განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს. მეორე მხრივ კი, ის ეცდება, რამდენადაც შესაძლებელია, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუშალოს ხელი. საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს - ეს არის იმპიჩმენტი“, - განაცხადა კობახიძემ.