შეეცდება თუ არა "ოცნება" 100 ხმის მოსაგროვებლად ოპოზიციის გადაბირებას - კობახიძის პასუხი

01.09.23 12:25
შეეცდება თუ არა "ოცნება" 100 ხმის მოსაგროვებლად ოპოზიციის გადაბირებას - კობახიძის პასუხი

შეეცდება თუ არა "ოცნება" 100 ხმის მოსაგროვებლად ოპოზიციის გადაბირებას - ირაკლი კობახიძე "პირველების" კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან მართველი გუნდი მოლაპარაკებებს არ გამართავს.

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება დღეს დააანონსა და საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით რამდენიმე დღეში მიმართავს. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, შესაბამისად, კობახიძემ დაანონსა, რომ პრეზიდენტის გადაყენებას კენჭს პარლამენტში ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

სასამართლოს ერთთვიანი ვადა აქვს, რომ საკუთარი დასკვნა წარმოადგინოს კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე. ამის შემდეგ, პარლამენტს ორკვირიანი ვადა აქვს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს, კენჭისყრაზე 2 კვირის ვადაში უნდა გავიდეს ეს საკითხი. უახლოეს დღეებში შევიტანთ წარდგინებას და დასკვნა, ალბათ, ოქტომბრის პირველ რიცხვებში იქნება, შუა რიცხვებში შედგება საბოლოო კენჭისყრა“, - აღნიშნა კობახიძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საპარლამენტო უმრავლესობას საკმარისი ხმა არ აქვს - გადასაყენებლად 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, "ქართულ ოცნებას" ამ მიზნის მისაღწევად 16 დეპუტატის ხმა აკლდება. თუმცა, როგორც კობახიძე ამბობს, "რ ვმუშაობთ რადიკალურ ოპოზიციასთან, სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით".

კობახიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გარეშე იმპიჩმენტი არ აღსრულდება, მმართველი ძალა მაინც იმოქმედებს კონსტიტუციის მიმართ პასუხისმგებლობით.

მე პირდაპირ გეტყვით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გარეშე ეს პროცესი ვერ დასრულდება შესაბამისი შედეგით. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას ანუ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ბუნებრივია, ისინი არიან კოორდინაციაში სალომე ზურაბიშვილთან და შესაბამისად, მათი მხრიდან მხარდაჭერა გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიმოქმედოთ კონსტიტუციის მიმართ პასუხისმგებლობით, ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოცანა. ჩვენ გვექნება ერთადერთი მცდელობა, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ ამ კენჭისყრაზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვმუშაობთ რადიკალურ ოპოზიციასთან, სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით“, - განაცხადა კობახიძემ.

როდის გაიყო "ქართული ოცნების" და პრეზიდენტის პოზიციები - კობახიძის თქმით, 2021 წელს საგრძნობი გახდა ზურაბიშვილის მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ. კობახიძის განმარტებით, ამის მიზეზი „საერთო პატრონია“, რომელშიც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ „გლობალური ომის პარტია მოიაზრა.