"ოცნება" ოპონენტების მიმართ ენმ-ს მეთოდებს იყენებს - ბერდია სიჭინავა

01.09.23 12:27
"ოცნება" ოპონენტების მიმართ ენმ-ს მეთოდებს იყენებს - ბერდია სიჭინავა

 "ოცნება" ოპონენტების მიმართ  ენმ-ს მეთოდებს იყენებს, - ასე აფასებს პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭიანავა ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიების ფინანსების მონიტორინგის შესახებ გადაწყვეტილებას. გახარიას გუნდის წევრი ხელსუფლების გადაწყვეტილებას "რეპრესიას" უწოდებს. მისი თქმით, "ოცნება" ენმ-გან აღარაფრით განსხვავდება.

“დღეიდან, „ოცნების“ ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად ქცევა და ეს ფუნქცია აუდიტის სამსახურისგან უშუალოდ მის დაქვემდებარებაში არსებულ, ახლადშექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცა.

ყველას კარგად გვახსოვს, 2011 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი, იუსტიციის იმჟამინდელი მინისტრის - ზურაბ ადეიშვილის მიერ  მართული ეს ინსტიტუცია რა რეპრესიულ ღონისძიებებს ატარებდა იმჟამად ოპოზიციაში მყოფი „ოცნების“ მიმართ.

დღეს, „ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებს იყენებს, თუმცა ისევე როგორც 2012 წელს, 2024 წლის არჩევნებზეც ამას საზოგადოება აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს. ეს ორი პოლიტიკური ძალა უკვე არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან: 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ქურდავდა თბილისის ბიუჯეტს თავისი აქტივის დასაფინანსებლად, ისევე როგორც დღეს ამას, ზუსტად იმავე მეთოდებით, „ოცნება“ აკეთებს. - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

ბერდია სიჭინავა ასევე მოახლოებულ არჩევნებთან აკავსირებით საუბრობს და ამბობს, რომ "ოცნება" გაყალბებისთვის ემზადება. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ყველას პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული იქნება. 

ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი, პოლიტიკური კორუფციის, ამომრჩევლის მოსყიდვის და პარტიის ბიუჯეტის ე.წ. „შავი ფულით“ შევსების გზით. 25 აგვისტოს, თბილისის საკრებულოს მიერ პროექტების დაჩქარებულად დამტკიცება „ოცნების“ დეპუტატების, მათი ოჯახის წევრების, პარტიის შემომწირველების და პარტიასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირების სასარგებლოდ, აღნიშნულის ნათელი დასტურია.

„ოცნების“ ხელისუფლებას ვპირდებით, რომ არჩევნების გაყალბების მიზნით შექმნილი ყველა კორუფციული სქემა აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს, ისევე როგორც დაუსჯელი არ დარჩება არჩევნების პროცესში სახელმწიფო ინსტიტუციების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიულ მანქანად გამოყენება. 
ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული” - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.