არ შეხვიდეთ იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში - "ლელოს" მიმართვა ოპოზიციას

01.09.23 12:48
არ შეხვიდეთ იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში - "ლელოს" მიმართვა ოპოზიციას

როგორ აღიქვეს ოპოზიციაში "ქართული ოცნების" მხრიდან პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება - პარტია "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ამ ნაბიჯით "ოცნებამ" პრორუსული გადაწყვეტილება მიიღო.

"ლელო" მოუწოდებს ყველას, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას, მმართველ გუნდთან არ შევიდეს არანაირ განხილვაში. 

შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდი ვერ ახორციელებს რეალურ პოლიტიკურ პროცესებს და ამისთვის ქმნის სრულიად გაუგებარ და გაუგონარ პოლიტიკურ მაქინაციებს. ჩვენთვის ცხადია ის, რომ დღეს "ქართულმა ოცნებამ" მიიღო პრორუსული გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფება ევროპის დედაქალაქებში იმისთვის, რომ აწარმოოს მოლაპარაკება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ამის პარალელურად საქართველოს ხელისუფალი ქართული ოცნების სახით,რომელიც ემსახურება ყოველდღიურად რუსეთის ინტერესებს იწყებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს პარლამენტის გავლით. ეს იქნება იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება და წარმოუდგენელია რომ მისი ფინალამდე მიყვანა "ქართულმა ოცნებამ" შეძლოს. მოვუწოდებთ მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას, არ შევიდეს არანაირ განხილვაში ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს იქნება გამყოფი წითელი ხაზი "ქართული ოცნების" პრორუსულ პოლიტიკასა და პროდასავლურ ნაბიჯებს შორის", - თქვა კუპრაძემ.