ენმ-დან არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ - გიგი უგულავა

01.09.23 13:03
ენმ-დან არსად წავსულვარ და არც წასვლას ვაპირებ - გიგი უგულავა

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მძიმე პროცესებს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამბობს, რომ ყველა „ნაციონალის“ იდენტობის ადამიანი მიხეილ სააკაშვილის გარშემო უნდა გაერთიანდეს.

"ენმ-ის თავმჯდომარე სააკაშვილია და რაც მალე მივიღებთ ამას, მით მალე მორჩება ეს დაპირისპირება" - წერს უგულავა.

მისიე თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმეს წასვლა არასწორი გადაწყვეტილება იქნება.

რაც შეეხება პარტიის მართვაში მონაწილეობას, არც წინა თავმჯდომარის და არც ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ჩემს გეგმებში არ შედის. "ნაციონალური მოძრაობა" მთავარ და ჯერჯერობით ერთადერთ პოლიტიკურ პარტიად მიმაჩნია საქართველოში. მან უნდა შეასრულოს ავიამზიდის ფუნქცია სხვა ევროპულ პარტიებთან ერთად, ივანიშვილის ბოროტების დამარცხებაში და ეს ასეც იქნება.

არ ვთვლი სწორ გადაწყვეტილებად დღეს პარტიიდან ვინმეს წასვლას. მე ეს გზა გავიარე და საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს. ამასთანავე, მიმაჩნია, 2017 წლის და დღევანდელ შიდა პარტიულ დაპირისპირებას შორის, ფუნდამენტური განსხვავებაა. მაშინ მიშა ოდესის გუბერნატორი იყო, დღეს ივანიშვილის პოლიტპატიმარია. ვინც ამ განსხვავებას ვერ ხედავს, ჩემი აზრით, ადამიანობის ცნების ვერგაგების პრობლემა აქვს.

ვთვლი, რომ დღეს ყველა "ნაციონალის" იდენტობის ადამიანი უნდა გაერთიანდეს მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ცემენტი „ნაცების“ ერთობის არის სააკაშვილი. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არის სააკაშვილი. ამ ფაქტის არ/ვერ მიღების გამოა ამ პარტიაში 10 წლიანი დაპირისპირება. იცვლებოდა მხოლოდ სახელები. რაც მალე მივიღებთ ამ მოცემულობას ფაქტად, მით მალე მორჩება ეს დაპირისპირება და გადავალთ საქმეზე - რუსეთის მორიელებთან ბრძოლაზე. საქართველო გაიმარჯვებს და იქნება ევროპული ოჯახის წევრი", - წერს გიგი უგულავა.