მოსამართლეთა დიდი ნაწილი მთავრობის პოზიციას დაიჭერს და დაინახავს კონსტიტუციის დარღვევას - ჩოკორაია
რამდენად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო - კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია დარწმუნებულია, რომ სასამართლო მთავრობისთვის სასურველ დასაბუთებას წარადგენს და შესაბამისად, პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ამხელს.
ჩოკორაია თვლის, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა მმართველი ძალის მითითებას დაემორჩილება. ამ შემთხვევაში კი იმპიჩმენტის პროცესები პარლამენტში ოქტომბერში გადაინაცვლებს.
ჩოკორაია თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის იქნება მტკიცებულება, რის შემდეგაც პრეზიდენტის ყველა ნაბიჯს უკვე ოფიციალურად გააკონტროლებენ.
ერთთვიანი ვადა ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ ის დასკვნას დადებითს გასცემს, შემდეგ უკვე პარლამენტის 2/3 ანუ 100 დეპუტატი უყრის კენჭს და მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს. შუალედში გამოვა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა და ამით დიდი ალბათობით, იქიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს დიდი ნაწილი და ალბათ, არა ყველა, რა თქმა უნდა, მთავრობის პოზიციას დაიჭერს და განმარტავს ისე კონსტიტუციას, რომ პრეზიდენტის ქმედებაში დაინახავს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს და ფაქტობრივად, ამ საკუთარი გადაწყვეტილებით შეუზღუდავს მომავალში ნებისმიერ მსგავსი ტიპის მოქმედებას. ნებისმიერ შეხვედრაში მონაწილეობას. ეს იქნება მთავარი შედეგი ამ შემთხვევაში "ქართული ოცნებისთვის", რომ ექნება სასამართლოს ფაქტობრივი დასკვნა, რომელიც მის სასარგებლოდ განმარტავს კონსტიტუციას,“ - განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.