იგივეა, რომ ჩახვიდე მოსკოვში და გვირგვინებით შეამკო ლენინის მავზოლეუმი - ნათელაშვილი პრემიერზე
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა. ოპოზიციონერი ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ქემალ ათათურქის მავზოლეუმის გვირგვინით შემკობამ აღაშფოთა.
როგორც იხილეთ, გუშინ ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გვირგვინებით შეამკო ქემალ ათათურქის მავზოლეუმი. ეს ის ქემალ ათათურქია, რომელმაც 1921 წელს საბჭოთა ლიდერ ვლადიმერ ლენინთან ერთად დაიპყრო საქართველო და გაიყო, რასაც შედეგად მოჰყვა ტაო-კლარჯეთის და ე.წ. ბათუმის ოლქის ჩამოცილება დედა სამშობლოსგან, იქ არსებული ქართული კულტურის ძეგლთა სრული განადგურება, მილიონობით ქართველისთვის ქართული ენის გამოყენებაზე საკანონმდებლო აკრძალვა, ასიმილაცია, გენოციდი, მათი გათურქება და იმ დიდი საქართველოს დაკარგვა, სადაც დაირწა ჩვენი ცივილიზაციის აკვანი. ამიტომ, იქ ჩასვლა და გვირგვინებით შემკობა იგივეა, რომ ჩახვიდე მოსკოვში და გვირგვინებით შეამკო ლენინის მავზოლეუმი, - განაცხადა ნათელაშვილმა.