"ოცნების" პოლიტიკა, დაუახლოვდეს რუსეთს, უშედეგოა - ვიოლა ფონ კრამონი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
გავლენიანი ევროპალრმანეტარი ვიოლა ფონ კრამონი საერთაშორისო ექსპერტებთან და დიპლომატებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ჩავიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. მიღებულ ინფორმაციას დელეგაცია საერთაშორისო დონის კონფერენციაზეც გააზიარებს, რომელიც პუტინიზმის დამარცხებას ეძღვნება.
ოძისში ჩასულებმა რუსული ოკუპაცია ადგილზე კიდევ ერთხელ დაგმეს. მათ ასევე საქართველოს ხელისუფლების პროსუსული პოლიტიკაც გააკრიტიკეს.
აქ ყოველ ჩამოსვლაზე ვრწმუნდებით, რომ ქვეყანას დეოკუპაციის კუთხით პროგრესი არ აქვს და ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როცა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აწარმოებს. ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი შედეგს არ იღებს და ოკუპაცია კვლავ გრძელდება, - განაცხადა კრამონმა.
ოკუპაციის გარდა, ვიოლა ფონ კრამონმა პრეზინდეტის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ოცნება" ახლა ყურადღების გადატანას სხვა პრობლემებზე ცდილობს. მისი თქმით, ზურაბიშვილზე შეტევა წინასწარ დაგეგმილი და ხელისუფლების მართული კამპანიის ნაწილია.
ჩემთვის ეს ყველაფერი ქვეყნის რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ბევრი მწვავე პრობლემა აქვს ქვეყანას, რომელსაც ყურადღება და მიხედვა სჭირდება, - განაცხადა კრამონმა.