1 თვე შოვის ტრაგედიიდან - საგამოძიებო უწყებები სადეპუტატო კითხვებს არ პასუხობენ
ერთი თვე შოვის ტრაგედიიდან და ამ დრომდე პასუხგაუცემელი კითხვები - რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმისთვის რომ გამოძიებამ წინ წაიწიოს.
მთავრობის პასუხისმგებელი უწყებები ოპოზიციის მიერ გაგზავნილ სადეპუტატო კითხვებს ტრაგედიიდან ერთი თვის თავზეც არ პასუხობენ. ამიტომ, ოპოზიცია პარლამენტში მთავარი დღის წესრიგის თემად ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნას მიიჩნევს. ამას გარდა, საგამოძიებო უწყებებს სადეპუტატო კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება აქვთ, ამ დრომდე უპასუხოდ დატოვებული კითხვები კი რეგლამენტის დარღვევაა.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" შოვში განვითარებულ მოვლენებზე კვლავ დანაშაულის დაფარვით არის დაკავებული.
"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მან 45 სადეპუტატო შეკითხვა გაგზავნა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, მაგრამ დასმული კითხვები ამ დრომდე პასუხგაუცემელია. ნაცვლიშვილის ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს წაშალოს დანაშაულის კვალი შოვში.
გავუგზავნე 45 სადეპუტატო შეკითხვა, არცერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს პასუხი კრიტიკულ კითხვებზე შოვთან მიმართებაში. სადეპუტატო შეკითხვების უპასუხოდ დატოვებით ხელისუფლება აშკარაა, რომ ცდილობს წაშალოს დანაშაულის კვალი შოვში. ყველა ფორმატში და ყველა ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება სიმართლის დადგენისკენ, რისი უფლებაც აქვთ დაზარალებულებს და გარდაცვლილ ადამიანებს და რისი ვალდებულებაც გვაქვს ჩვენ ყველას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვალდებულება მოქმედების, რომ მომავალში მაინც მსგავსი კატასტროფების დროს სახელმწიფოს მოქმედება არ იყოს ისეთი დაგვიანებული", - ამბობს "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი.
მმართველი ძალის ინტერესში ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების გამოძიება კი არა, ფაქტების მიჩქმალვა რომ შედის, ამაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე.
ეს იქნება მკაფიო და ნათელი სურათი მოქალაქეებისთვის, ვის უნდა ამ საქმის რეალური გამოძიება და ვის უნდა ფაქტების მიჩქმალვა, ფაქტების მიჩქმალვა უნდა მხოლოდ "ქართულ ოცნებას". დღეს გადის ბიუროზე ეს საკითხი. პრინციპული წინააღმდეგობა არცერთ ოპოზიციურ ჯგუფს პარლამენტში არ გააჩნია, შეიძლება იყოს განსხვავება თარიღებზე, როდის სჯობია ტექნიკურად გავიდეს ეს საკითხი", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგი ჩიხლაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძის თქმით, სესიის დაწყების დღეს ნათელი გახდება ვინ დაუჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას ხმას და ვინ არა. წითლიძე ამბობს, რომ ხელისუფლება სხვადასხვა თემებით ცდილობს გადაფაროს ის კითხვები, რომელიც შოვის ტრაგედიას უკავშირდება და ასევე გადაფარონ თავიანთი პასუხისმგებლობა.
ნათელი გახდება სესიის დაწყების დღეს ვინ არიან ისინი, ვინც მხარს დაუჭერენ საგამოძიებო კომისიის შოვთან დაკავშირებით და ვინ არა, თუმცა ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს თუ აღმოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც ამ საგამოძიებო კომისიას მხარს არ დაუჭერს, რომ ეს საგამოძიებო კომისიის არ შექმნა იქნება ასევე მათი პასუხისმგებლობაც, იმიტომ, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ არის ის, რომ ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა თემებით გადაფაროს კითხვები, რომელიც არსებობს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით და ასევე გადაფაროს ის პასუხისმგებლობა, რომელიც არსებობს და აქვს ხელისუფლებას", - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე.