ცენზურა პარლამენტში - როგორია ქცევის ახალი წესი პარლამენტის ვიზიტორთათვის
პარლამენტის შენობაში შესვლის წესი მკაცრდება - შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი დღეს დაამტკიცა.
მაშ ასე - დაუშვებელია პარლამენტში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების, ბანერების, სასტვენების შეტანა. ვიზიტორს ეკრძალება ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანხმობის გარეშე.
ირკვევა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია წესების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს პრევენციულ ღონისძიებას, დარღვევის სიმძიმის და დარღვევის გამეორების რისკის შეფასების საფუძველზე და ვიზიტორს შეუზღუდოს პარლამენტის შენობაში შესვლა ერთ წლამდე ვადით.
ბრძანება ძალაში 18 სექტემბრიდან შევა.
როგორია ახალი ქცევის წესი პარლამენტის ვიზიტორთათვის:
- პარლამენტის სასახლის ვიზიტორის ვალდებულია საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაიცვას სიმშვიდე და წესრიგი, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას და საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას.
- ვიზიტორს ეკრძალება პარლამენტის სასახლის ტერიტორიაზე ტრანსპარანტების გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, ასევე შენობაში სადემონსტრაციო მასალის (პლაკატების, ბანერების, წარწერების და ა.შ.) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება.
- ვიზიტორს ეკრძალება ჟურნალისტებთან კომუნიკაცია პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრული სივრცეებში, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.
- პარლამენტის სასახლის ვიზიტორი ვალდებულია ატაროს ჩაცმულობა სამუშაო გარემოს შესაბამისად.
- ვიზიტორი ვალდებულია ვიზიტის მიზნის ამოწურვისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს საშვის მოქმედების დღის 24:00 საათისა, დატოვოს პარლამენტის სასახლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპარლამენტო ღონისძიება, რომელსაც ისინი ესწრებიან, გრძელდება აღნიშნული დროის მიღმა.
- საქართველოს პარლამენტის ვიზიტორები ვალდებულნი არიან დაემორჩილონ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის და პარლამენტის მანდატურის მითითებებს.