სამარცხვინო, არაადამიანური, მოუმზადებელი - დაპირისპირება შალვა პაპუაშვილსა და თინა ბოკუჩავას შორის
„თქვენი არაადამიანური პათეტიკა არის ამის პასუხი, სირცხვილია“, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას.
ბიუროს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მოჰყვა. ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ დეპუტატები გააკრიტიკა, რადგან პარლამენტის სასესიო სხდომის პირველ სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.
წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ პირველი პლენარული სხდომა შეიკრიბოს, უფლებამოსილი დეპუტატები იყვნენ სხდომათა დარბაზში და არ საუბრობდნენ იმ მთავარ საკითხზე, რომელიც დგას დღის წესრიგში. რატომ აკისრებთ საგამოძიებო კომისიის შექმნის პასუხისმგებლობას მხოლოდ ოპოზიციას, თქვენ გაქვთ რაიმე იმედი, რომ შსს, რომელიც უწყებრივად თავად პასუხისმგებელი იყო სამაშველო ოპერაციებზე თავისივე შესაძლო დანაშაულს გამოიძიებს?“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
საპასუხოდ, შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა შოვის ტრაგედიით მანიპულირებაში დაადანაშაულა.
თქვენ ისიც კი ვერ შეძელით, რომ ოპოზიცია დაგერწმუნებინათ, რომ მხარი დაეჭირა და ახლა ბრაზდებით უმრავლესობაზე. ერთი წუთი მაინც რომ ყოფილიყავით შოვში, ერთი წუთით მაინც რომ შეგეხედათ ვინ როგორ მუშაობდა, ასეთი პათეტიკის უფლებას საკუთარ თავს არ მისცემდით, ადამიანობა არ უნდა დავკარგოთ,“ - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ბოკუჩავას.