ჩხუბი პარლამენტში - თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ ბიუროზე ირაკლი ქადაგიშვილი იგინებოდა

04.09.23 17:28
ჩხუბი პარლამენტში - თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ ბიუროზე ირაკლი ქადაგიშვილი იგინებოდა

დაპირისპირება და ჩხუბი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სხდომაზე იგინებოდა.

როგორც ბოკუჩავამ ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმ დროს, როცა ოპოზიცია შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამოძიების მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა, ირაკლი ქადაგიშვილი იგინებოდა.

ადამიანი, რომელიც საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარეა, რომელიც თავად უნდა ამკვიდრებდეს საპარლამენტო ეთიკის წესებს პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე იგინება, როდესაც ჩვენ ვაყენებთ საკითხს საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება თინა ბოკუჩავას განცხადება.

ეს არის სიცრუე, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი კოლეგების პასუხები იყო კორექტულ საზღვრებში გაკეთებული იმ პათეტიკური განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ქალბატონმა თინამ ბიუროზე გააკეთა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.