შიშებია, რომ შეიძლება დამატებით ისეთი ნაბიჯები გადადგას მთავრობამ, რომელიც სტატუსის მიღებას ხელს შეუშლის - გიგაური

04.09.23 18:35
შიშებია, რომ შეიძლება დამატებით ისეთი ნაბიჯები გადადგას მთავრობამ, რომელიც სტატუსის მიღებას ხელს შეუშლის - გიგაური

„ჩვენი შიშები, რა თქმა უნდა, არის ის, რომ შეიძლება კიდევ დამატებით ისეთი ნაბიჯები გადადგას ხელისუფლებამ, რომელიც ამას ხელს შეუშლის, მაგალითად იმპიჩმენტის დაწყება,“ - ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გააკეთა.

გიგაურის თქმით, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მისცემენ, ეს ხალხის დამსახურება იქნება და არა მთავრობის. როგორც გიგაური ამბობს, საქართველოს მთავრობა წინაღობებს უქმნის პარტნიორებს, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღონ - ამის ერთ-ერთი ბოლო მაგალითია იმპიჩმენტის პროცესის დაწყება. 

თუ ჩვენ სტატუსს მივიღებთ წლისა ბოლოს, ეს იქნება ქართველი ხალხის დამსახურება, თუ ვერ მივიღებთ ეს იქნება „ქართული ოცნების“ - მმართველი პარტიის დანაშაული, ეს უნდა გვახსოვდეს და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ,“ - ამბობს გიგაური.

რაც შეეხება კონფერენციას, რომელიც ახლა თბილისში იმართება და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები თუ სხვადასხვა მთავრობების ყოფილი წევრები იმყოფებიან, ეკა გიგაურის თქმით, ამ კონფერენციის ყველა მონაწილემ იცის, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ოლიგარქიულ რეჟიმში ცხოვრება არ უნდა.

ჩვენ, როდესაც მათ ვესაუბრებით, ვამბობთ, რომ ვიცით, ეს არის ჩვენი ბრძოლა, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთის წინააღმდეგ, რომ დავამარცხოთ პუტინიზმი. რა თქმა უნდა, მათთვის ეს არის აღმაფრთოვანებელი ბრძოლა - მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არის განვითარებული საზოგადოება, რომელმაც იცის, ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე და რომელიც ფიქრობს, რომ ჩვენ გვინდა მხოლოდ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრება, არ გვინდა ოლიგარქია, კორუფცია, არ გვინდა ცუდადა ჩატარებული არჩევნები. საქართველოს მთავრობის ხელში იყო ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაც, სხვა ნაბიჯების გადადგმაც, მარტივია, ეს რომ გააკეთონ, ნაწილობრივ აკეთებენ ან არ არის საკმარისი, ან საერთოდ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს თავს ესხმიან, ამით არიან დაკავებულები, საბოტაჟით ამ პროცესის, დილემა აქვთ - არ უნდათ მიატოვონ ქართველი ხალხი, რომელიც დემოკრატიისთვის მებრძოლია. ეძებენ გზებს, რომ განსაკუთრებული საჩუქრები გაუკეთონ ქართველ ხალხს და არ მიატოვონ,“ - ამბობს ეკა გიგაური.