ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია "ოცნებამ" გახსნილად გამოაცხადა - ივანიშვილის მემკვიდრეები პოლიტიკურ მეთოდებს არ ცვლიან

04.09.23 20:32
ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია "ოცნებამ" გახსნილად გამოაცხადა - ივანიშვილის მემკვიდრეები პოლიტიკურ მეთოდებს არ ცვლიან

ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია "ქართულმა ოცნებამ" გახსნილად გამოაცხადა. მმართველი პარტია არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურ მეთოდებს არ ცვლის და  ერთსა და  იმავე წრეზე ტრიალებს.  როგორც ჩანს, 2024 წელსაც ძალაუფლების შენარჩუნებას  ისევ ძალადობით გეგმავს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კახეთსა და გურიაში მომხდარი  დაპირისპირებები მხოლოდ დასაწყისია და მთელი წინასაარჩევნო წელი ოპონენტების ცემის, დაშინებისა და ტერორის ფონზე ჩაივლის. 

არადა ეს ის არჩევნებია, რომელმაც ქვეყნის მომავალი უნდა გადაწყვიტოს. დარჩება თუ არა მეოთხე  ვადით ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში. საქართველოს პარტნიორები 2024 წლის არჩევნებს განსაკუთრებული ინტერესით დააკვირდებიან, რადგან წარსულის  გამოცდილება მძიმე აქვთ. თბილისში ჩამოსული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ 2024-ში "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მომავალს ქართველი ხალხი გადაწყვეტს.