"ოცნების" დამსახურებით რეალურად არანაირი პროგრესი არ გვაქვს - რა შედეგით დახვდება ხელისუფლება ბორელს
რა შედეგით დახვდება "ქართული ოცნება" ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს? - სალომე სამადაშვილის განცხადებით, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას მოისმენს ის საქართველოში.
ცხადია, რომ როცა რამდენიმე კვირაში ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, მნიშვნელოვანია რას მოისმენს ის საქართველოში. რაც შეეხება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, სამწუხაროა, რომ ამ ვიზიტისთვის "ქართული ოცნების" დამსახურებით რეალურად არანაირი პროგრესი არ გვაქვს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ევროკავშირის მოთხოვნების დიდი უმრავლესობა დღემდე დარჩენილიყო შეუსრულებელი"- აცხადებს სამადაშვილი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს.