"შეთანხმებული გარიგება პრეზიდენტსა და ივანიშვილს შორის" - ნათელაშვილი ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე

05.09.23 11:29
"შეთანხმებული გარიგება პრეზიდენტსა და ივანიშვილს შორის" - ნათელაშვილი ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე

პრეზიდენტის იმპიჩმენტს სალომე ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეთანხმებულ გარიგებას უწოდებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

ნათელაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დასავლეთიდან ნდობა ჰქონდეს ზურაბიშვილს, ნდობა კი იმ შემთხვევაში ექნება, თუ "ოცნება" მას უნდობლობას გამოუცხაებს.

ნათელაშვილის თქმით, ამ ყველაფრის მიზანი ივანიშვილის სანქციებისგან გადარჩენაა.

როგორც მე არ ვარ ამ წუთებში იაპონიის იმპერატორი, ისე აღნიშნული ქმედება არ გახლავთ იმპიჩმენტი. ეს გახლავთ  შეთანხმებული გარიგება პრეზიდენტსა და ივანიშვილს შორის, რათა ამ უკანასკნელმა ევროპის ელიტასთან და ამერიკის წარმომადგენლებთან აქტიურად იმუშაოს ივანიშვილის სანქციებისგან გადასარჩენად. აღნიშნულს სჭირდება ნდობა დასავლეთიდან და ნდობას მოიპოვებს ზუსტად იმით, რომ ქართული, პრორუსული პარტია უცხადებს უნდობლობას. რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, ეს დამოკიდებულია პირადად პუტინზე, თუ ის ეტყვის, გაათავისუფლებენ". - ამბობს ნათელაშვილი. 

ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმების მობილიზებას იწყებს. ერთ საათში პარლამენტში სხდომა იწყება. ეს საზაფხულო არდადეგების  შემდეგ  დეპუტატების პირველი შეკრებაა. დღეს გაიმართება პოლიტიკური დებატები, სადაც ოპოზიცია  აპირებს, ხელისუფლებას შოვის ტრაგედიაზე პასუხი მოსთხოვოს, "ოცნების" პოლიტიკური დღის წესრიგი კი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე აეწყობა.