დიპლომატი "ოცნებას": მოსაზრება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურს, სრული სისულელეა

05.09.23 12:15
დიპლომატი "ოცნებას": მოსაზრება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურს, სრული სისულელეა

მოსაზრება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურს, სრული სისულელეა - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ყველას ესმის, რომ საქართველო მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება და არავის სურს, ის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.

ყველა, ვინც აშშ-სა და ევროპაში თვალს ადევნებს უკრაინაში მიმდინარე ომს, ხვდება, რომ საქართველო საკმაოდ მოწყვლად ვითარებაში იმყოფება და არავის უნდა, რომ საქართველომ საკუთარი თავი რისკის ქვეშ დააყენოს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოს არ ენდომება, იყოს უკრაინისთვის იარაღის მსხვილი მიმწოდებელი. ყველას ესმის ეს. შესაბამისად, მოსაზრება, რომ დასავლეთს რაღაცნაირად სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს, არის სრული სისულელე. პირდაპირ არასწორია. ყველა, ვინც საქართველოს თვალს ადევნებს, ასევე ესმის მისი მოწყვლადობის საკითხი. საქართველოს უსაფრთხოებას გაზრდის მისი დემოკრატიისა და ინსტიტუტების გაძლიერება"-  თქვა დენიელ ფრიდმა.