ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი წაუგებელი თამაშია, პირადად ვარ ჩართული სარჩელის მომზადებაში - კობახიძე
ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადასტურებს.
"ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით, შესაბამისი დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მაქსიმუმ ორშაბათს წარედგინება
კობახიძე ამბობს, რომ პირადად არის ჩართული სარჩელის მომზადებაში - მეც ვარ ჩართული პირადად კი - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
ხელმოწერები თითქმის შეგროვებულია, დღეს დასრულდება ეს პროცესი. დოკუმენტაციის სრულყოფაც მოხდება. მაქსიმუმ ხვალამდე და ამის შემდეგ საპროცედურო კომიტეტს გადაეგზავნება დოკუმენტაცია. მაქსიმუმ ორშაბათს უკვე ოფიციალურად წარედგინება ეს დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს.
100 ხმა არ არის ჩვენთვის მიზანი, ჩვენი მიზანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დაადგინოს კონსტიტუციის დარღვევა. ამით გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ალიანსი...ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად წაუგებელი თამაში.
საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მოგვცემს სამომავლოდაც რეაგირების საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რა არის შემდგარი ფაქტი, უბრალოდ ამას სჭირდება სამართლებრივად საკონსტიტუციო სასამართლოს დადასტურება. ეს არის ჩვენი წარდგინების შინაარსი და ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი". - განაცხადა კობახიძემ.