ლოდად არის გამობმული რადიკალური ოპოზიცია ინტეგრაციის პროცესზე, არასამთავრობო ორგანიზაციებიც არის აყოლილები - ჩიქოვანი

05.09.23 15:43
ლოდად არის გამობმული რადიკალური ოპოზიცია ინტეგრაციის პროცესზე, არასამთავრობო ორგანიზაციებიც არის აყოლილები - ჩიქოვანი

"ვხედავთ, რომ ლოდად არის გამობმული რადიკალური ოპოზიცია ამ ინტეგრაციის პროცესზე. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც არის აყოლილები და არიან მოქცეულები ზეგავლენის ქვეშ", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

ირაკლი ჩიქოვანი ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ ინტერესში არ შედის ქვეყნის ევროინტეგრაცია, პირიქით, ხელს უშლიან და საზოგადოებას დეზინფორმაციას აწვდიან. ჩიქოვანი მთავრობის პოლიტიკას პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ პრემიერის შეფასებები ოპოზიციის მიმართ ზუსტია. 

პრემიერმინისტრმა ზუსტად შეაფასა, არავის არაფერი გაუკეთებია ოპოზიციიდან იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო ევროპული ინტეგრაცია უფრო გაღრმავებულიყო, გარდა ხელისუფლებისა. მთელი ამ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ ლოდად არის გამობმული რადიკალური ოპოზიცია ამ ინტეგრაციის პროცესზე, ეს არის ობიექტური რეალობა. ასევე, სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც არის აყოლილები და არიან მოქცეულები ზეგავლენის ქვეშ, ვინაიდან ვხედავთ ისეთ განცხადებებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ისინი საუბრობენ იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ პოლიტიკური ზეწოლა მოხდეს  ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე პირდაპირი იერიში მიაქვთ 2024 წლის არჩევნებზე.

წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ისეთი ორგანიზაციების ობიექტურობაზე, რომელთა ხელმძღვანელებიც პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა უთხრან, ეს კანდიდატის სტატუსი არის სავაჭრო საკითხი და მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი იქნებიან საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი. წარმოუდგენელია, ჩვენ ვისაუბროთ ობიექტურობაზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი ციხეში რომ ზის, ეს შესაძლოა, 2024 წლის არჩევნებისთვის პრობლემა იყოს. სრული უტიფრობაა ის, რომ ჩვენ დღეს გვეუბნებიან იმას, რომ თითქოს ჩვენ არაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.