ვის უანონსებს სააკაშვილი "განულებას" - როგორ გაიგო პრეზიდენტის გზავნილი მელიას გუნდმა

05.09.23 17:19
ვის უანონსებს სააკაშვილი "განულებას" - როგორ გაიგო პრეზიდენტის გზავნილი მელიას გუნდმა

ვინ დაადგება "ნაციონალურ მოძრაობაში" "ბოკერიას გზას", როგორც ამას საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს - გულისხმობს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას - ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეს ბაჩო დოლიძეს არ აქვს ინფორმაცია, ვისზეა საუბარი სააკაშვილის სტატუსში.

თუმცა, როგორც დოლიძე ამბობს, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნიკა მელიას გუნდს გულისხმობს, მაშინ მას არ მოსწონს კომუნიკაციის ეს ფორმა, როგორიც სააკაშვილმა აირჩია. დოლიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურვილის შემთხვევაში შეუძლია მათ ეკონტაქტოს პირადად წერილების საშუალებით და ასე გაცვალონ პოზიციები.

დოლიძისთვის ასევე მიუღებელია ის შედარება, რომელიც პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა - როგორც დოლიძე ამბობს, "ბოკერიას გზას" დამდგარი პოლიტიკოსების ნაწილი ახლა კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში არიან. 

ერთ ნაწილში დავეთანხმები, რომ პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ერთიანობისთვის და პირველ რიგში, მენეჯმენტი უნდა ზრუნავდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და არ უნდა აცხადებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება არ ეთანხმებოდნენ დღევანდელი რეჟიმის გადაწყვეტილებას - სუს-ის აგენტებს და არ უნდა ნათლავდნენ სუს-ის აგენტებად. მე ეს მინიშნება წავიკითხე ამ კონკრეტულ პოსტში.

პირდაპირ გეტყვი, ძალიან არ მომწონს, იქ ვკითხულობთ სახელებს და გვარებს - ბოკერიას გზა ნამდვილად არ მომწონს მსგავსი ტიპის ეპითეტები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ გზას გამდგრები ბევრია შემობრუნებული ამა თუ იმ ფორმით და იმ გზაზე მყოფები, როგორც დამფინანსებლები, ძალიან აქტიურად ჩართული ადამიანები გვევლინებიან ენმ-ის მენეჯმენტში.

ის, რომ თითოეული ადამიანის წასვლა პარტიიდან არის პრობლემა და შესაძლოა იყოს პრობლემა, ეს ერთია, მაგრამ მეორეა, როგორ გამოხატავ ამ ყველაფერს. თუ ჩვენ გვგულისხმობდა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ გამოხატვის ფორმები ცოტა სხვა ყოფილიყო, ელემენტარული კომუნიკაციის საშუალება არის თუნდაც წერილობით და აზრების გაცვლა-გამოცვლა სავსებით შესაძლებელია ამ ფორმით,“ - ამბობს ბაჩო დოლიძე.