საქართველოში ბორელის ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ნერვიულობს - ეველინ ფარკასი

05.09.23 19:16
საქართველოში ბორელის ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ნერვიულობს - ეველინ ფარკასი

"ვფიქრობ, რომ საქართველოში ჯოზეფ ბორელის დაგეგმილი ვიზიტი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ნერვიულობს," - ეს განცხადება მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ ფარკასმა გააკეთა.

ფარკასის თქმით, საქართველოს ძალიან ცოტა დრო რჩება ევროკავშირისთვის იმის საჩვენებლად, რომ 12 რეკომენდაცია შეასრულა. შესაბამისად, ფარკასის შეფასებით, ბორელის საქართველოში ჩამოსვლა გზავნილია მთავრობისთვის, რომ ხალხის ნება აასრულოს.

ვფიქრობ, რომ ეს [ბორელის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი] იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ნერვიულობს. ბევრი დრო არ არის. ერთი წლის წინ ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ეს 12 პუნქტი მისცა, რომლებიც უნდა შესრულდეს, რომლებიც ქმედებებს მოითხოვენ... და ეს ქმედებები არ განხორციელებულა და ძალიან ცოტა დრო რჩება წლის ბოლომდე, როდესაც ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. და ქართველი ხალხი ძალიან მკაფიო იყო ამაზე, მათ მთავრობას ბევრი დრო არ რჩება, რომ ამ 12 პუნქტზე ქმედებები განახორციელონ. და ვფიქრობ, რომ ჯოზეფ ბორელი აქ იმისთვის ჩამოდის, რომ ნათელი გახადოს მთავრობისთვის. იმედი მაქვს, რომ ის ქართველ ხალხსაც ესაუბრება, ვინაიდან, მთავრობა ხალხს წარმოადგენს, მაგრამ ისე ჩანს, რომ მთავრობისგან ენერგიის ნაკლებობა იგრძნობა იმასთან შედარებით, თუ რა ვნახეთ ქუჩებში ხალხისგან”, - განაცხადა ფარკასმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამჟამინდელი უფლებამოსილებებით, საშუალებას მისცემს, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.