ზურაბიშვილმა კონსტიტუციის სხვა მუხლებიც დაარღვია - ვოლსკი

06.09.23 11:25
ზურაბიშვილმა კონსტიტუციის სხვა მუხლებიც დაარღვია - ვოლსკი

გია ვოლსკის თქმით, არსებობს სტატუსის მონიჭების პროცედურის ხელისშემშლელი სტრატეგია და სწორედ ამის ნაწილი იყო სალომე ზურაბიშვილის რიტორიკა. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს თავნება გადაწყვეტილებად აფასებს და ასევე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სხვა მუხლებიც დაარღვია, თუმცა ვოლსკის არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ მუხლებზეა საუბარი. 

ჩავაბარებთ, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ეტაპი უნდა გაიაროს, მაგრამ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას დავანახოთ, რომ კონსტიტუცია მართლაც არის მთავარი კანონი ქვეყანაში და მისი დარღვევა არ უნდა ხდებოდეს. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ მთავრობასთან შეუთანხმებელ საგარეო პოლიტიკის ასე დამოუკიდებლად და ასე თავნება წარმოების ელემენტებზე, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ რეალურად არსებობს საქართველოსთვის ხელშემშლელი ფაქტორების შექმნის მთელი ჩამოყალიბებული სტრატეგია, რასაც რადიკალური ოპოზიცია მიმართავს. ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებული ფორმულა, მთავრობა არ იმსახურებს და საზოგადოება იმსახურებს, კიდევ სხვა მუხლის დარღვევაც არის, რომელსაც ევროინტეგრაციის საკითხებზე ვალდებულებები აქვს გათვალისწინებული კონსტიტუციაში", - ამბობს გია ვოლსკი.

პრეზიდენტის წინააღმდეგ ირაკლი კობახიძემ სარჩელი უკვე დაწერა - "ქართული ოცნების" 50 დეპუტატმა კი დოკუმენტს ხელი მოაწერა. ახლა წინ საპროცედურო კომიტეტი და დეპუტატების ხელმოწერების ავთენტურობის დადგენაა. ამ ფორმალური პროცედურის შემდეგ  კი საქართველოს პარლამენტის სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ, სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდება, რითაც "ქართული ოცნება"  ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას  ოფიციალურად დაიწყებს. თუმცა ეს პროცესი თავად ოლიგარქის პარტიაშიც კარგად იციან რომ არასაკმარისი ხმების გამო კრახისთვის არის განწირული.