როგორც ჩანს, უმრავლესობას სერგეენკო პარლამენტში დასჭირდა - უსუფაშვილი

06.09.23 11:45
როგორც ჩანს, უმრავლესობას სერგეენკო პარლამენტში დასჭირდა - უსუფაშვილი

რატომ დატოვა "ქართულმა ოცნებამ" დავით სერგეენკო პარლამენტში? - "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ის პარლამენტში სჭირდებოდა. ცნობილია, რომ სერგეენკო მაჟორიტარი დეპუტატია, ამიტომ მისი შეცვლა ვერ მოხერხდებოდა.

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ მმართველი პარტია კონსტიტუციას ისე კითხულობს, როგორც აწყობს და ამას ბადრი ჯაფარიძის მაგალითიც ცხადყოფს, როდესაც "ლელოს" ლიდერი პარლამენტიდან ძალიან მარტივად გაუშვეს. 

ამ პარლამენტში უმრავლესობას წესად ექცა კონსტიტუციის წაღმა-უკუღმა კითხვა  და გადაწყვეტილებების მიღება არა სახელმწიფოებრივად, არამედ სახელმწიფობანას თამაშის პირობებში. ამავე უმრავლესობამ ბადრი ჯაფარიძეს ძალიან მარტივად შეუწყვიტა უფლებამოსილება, როდესაც ამის საფუძველი არ ჰქონდა ანუ რა? ბევრნი ვართ, ჩვენი გადასაწყვეტია, რა მნიშვნელობა აქვს როდის რას გვავალებს კონსტიტუცია და კანონი ან მივაჭერთ ხელს ან არ მივაჭერთ ხელს. ახლა ალბათ სერგეენკო დასჭირდა პარლამენტის უმრავლესობას, სერგეენკოს სჭირდება აქ სიარული, მე ასე ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ მე სრულიად ნათლად დავინახე, რომ მისი მოთმინების ფიალა გაზაფხულზე აგენტების კანონის ეპოპეის დროს აივსო, - ამბობს უსუფაშვილი. 

დავით სერგეენკოს სამაგალითოდ დასჯის გეგმა ჩავარდა. "ოცნებამ" უკან დაიხია. დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა, პარლამენტიდან ვერ გაუშვეს. გეგმები ბოლო წუთებში დადგა თავდაყირა. სერგეენკოსთის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა, 12 კი წინააღმდეგ წავიდა.