ყინწვისის მონასტერი განადგურების პირას - დეა მეტრეველი ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებს

06.09.23 13:20
ყინწვისის მონასტერი განადგურების პირას - დეა მეტრეველი ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებს

თეა წულუკიანის უწყება დუმილის რეჟიმშია - კულტურის სამინისტრო ყინწვისში მიმდინარე პროცესებს არ იმჩნევს. ისტორიული მემკვიდრეობა კი ნადგურდება.

"ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრი და ხელოვნებათმცოდნე დეა მეტრეველი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართ ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ კულტურის სამინისტრო ებრძვის იმ ორგანიზაციებს, იმ ექსპერტებს და პროფესიონალებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ.

მეტრეველი ასევე ახსენებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და აცხადებს, რომ ეს უწყება კარჩაკეტილ და დახურულ სივრცედ გადაიქცა.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში ქართული საზოგადოება უყურებს ქართული კულტურის, ქართული იდენტობის, მატერიალური მტკიცებულებების განადგურებას. რაც ხილული არის, ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართ, ხედვის არარსებობა, პროფესიონალური მართვის არარსებობა. კულტურის სამინისტრო ებრძვის იმ ორგანიზაციებს, იმ ექსპერტებს და პროფესიონალებს. საუბარია ჩუბინაშვილის ცენტრზე, რომლებიც მუშაობენ ამ თემებზე და რომელთა წლების განმავლობაში გაწეული შრომა არის ფასდაუდებელი. რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, სამწუხაროდ, ეს ორგანიზაცია ძალიან დიდი ხანია ძალიან კარჩაკეტილ და დახურულ სივრცედ გადაიქცა და არ არსებობს ტელეფონიც კი, სადაც რიგით მოქალაქეს შეეძლება დარეკოს და ინფორმაცია მიიღოს ან ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს ამა თუ იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ან განადგურების შესახებ", - ამბობს დეა მეტრეველი.

ისტორიული მემკვიდრეობა საფრთხეშია. მონასტერში წყალი ჩადის და  ფრესკებს ასველებს.

ყველაზე მძიმე ვითარება წმ. ნიკოლოზის ტაძარშია, სადაც  ფრესკები ახლაც  სველია. ადგილზე ჩასულ "პირველების"  ჯგუფს ეკლესიის წინამძღოლმა კითხვებზე არ უპასუხა და კამერების გამოჩენამ მისი გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა "პირველებმა" გაარკვია, რომ ეს ამბავი თეა წულუკიანის უწყებამ იცის და ძეგლთა დაცვის სააგენტომ ადგილზე სპეციალისტებიც კი გაუშვა, ფრესკებიც დაასურათეს, თუმცა ძეგლის გადასარჩენად ჯერ არაფერი გაკეთებულა. ტაძარში ისე წვიმს, როგორც გარეთ.