"ჩვეულებრივი საბა ბუაძეები არიან" - კალაძე ივანიშვილს იცავს
კახა კალაძე ოლიგარქის დასაცავად - დედაქალაქის მერი ცდილობს დაამტკიცოს, რომ საეჭვო პროექტები, რომლებიც თბილისისთვის საფრთხის შემცველია, ეკონომიკურ კეთილდღეობას და ქალაქის განვითარებას ემსახურება.
კალაძე, "საბა ბუაძეებს" უწოდებს ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ხელისუფლება ბიზნესის წარმომადგენლებს პარტიული კუთვნილების მიხედვით არჩევს და ახსენებს მამუკა ხაზარაძესაც, რომელსაც დიდი ბიზნესები აქვს საქართველოში.
„არის ნარატივი, რომ კონკრეტული სამშენებლო კომპანიები პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველები და მხარდამჭერები არიან და როგორ შეიძლება მისმა მხარდამჭერებმა აღნიშნული პროექტები განახორციელონ. ეს არის „ნაცური“ ნარატივი, ნაცურსაც ვერ დავარქმევ, უფრო სწორად, ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი. საბა ბუაძის ლოგიკით, უნდა გავუშვათ ჩვენი შესაბამისი სამსახურები ბატონ მამუკა ხაზარაძესთან, რომელსაც დიდი ბიზნესი აქვს სამშენებლო მიმართულებით, თურმე უნდა გავუჩეროთ და დავუნგრიოთ. ეს არის საბა ბუაძისეული აზროვნება. ჩვეულებრივი საბა ბუაძეები არიან, არ იფიქროთ, დანარჩენებს მასზე მეტი აზროვნება და გონებრივი შესაძლებლობა ჰქონდეს. ყველა ერთნაირია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.