ლევან ხაბეიშვილის პირველი რეაქცია მიხეილ სააკაშვილის გზავნილზე

06.09.23 13:24
ლევან ხაბეიშვილის პირველი რეაქცია მიხეილ სააკაშვილის გზავნილზე

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გზავნილის ადრესატი ნიკა მელიას ფლანგი იყო. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებიც მთავარ ოპოზიციურ პარტიას ლანძღავენ, " ორიენტირი აქვთ გასასწორებელი".

ამასთან, ხაბეიშვილი ირწმუნება, რომ მელიას ფლანგთან მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზადაა და შეთავაზება, რომელც მან თავის დროზე გააკეთა, ახლაც ძალაშია. 

კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც ორიენტირი ვერ გაუსწორებიათ და ამ უთანასწორო ბრძოლაში ლანძღავენ ენმ-ს, მხოლოდ საჩუქარია ბიძინა ივანიშვილისთვის. ამიტომ, თუ ვინმე გადაწყვეტს წასვლას, ეს მისი ნებაა და მისი არჩევანია.
„ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება, ჩვენ გავაკეთებთ კოალიციას „სტრატეგია აღმაშენებელთან“. მათ აქვთ საკუთარი არჩევანის უფლება, ჩვენი მხრიდან საჯაროდ, ღიად, მათ შორის, თქვენ იღებდით „ბილტმორში“, როცა მე მისი გუნდის წევრს შევთავაზე, რომ ნებისმიერ ფორმატში მზად ვიყავი, მათთან მესაუბრა, სად ხედავენ საკუთარ თავს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მზად ვარ, ნებისმიერი პოზიცია ჰქონდეთ მათ, თუმცა როგორც თქვენ არ დაგირეკავთ ჩემთან იმის შემდეგ, ისე მათ არ დაურეკავთ, ამიტომ რთულია იმ ადამიანებთან მუშაობა, ვისაც ეს, უბრალოდ, არ უნდა და თუ მოიფიქრებენ და უნდათ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, ცხადია, ყველასთვის კარი ღიაა, - ამბობს ხაბეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ენმ-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამარჯვების მთავარი პლატფორმაა და ადამიანები, რომლებიც პარტიას დატოვებენ, აღნიშნული პროცესები არასახარბიელოდ დასრულდება. 

მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ენმ არის მთავარი გამარჯვების პლატფორმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ენმ-დან ჩამოშორებას გადაწყვეტენ, ვფიქრობ, რომ მათთვის, მინიმუმ, არსახარბიელოდ დასრულდება ეს პროცესები, - თქვა ხაბეიშვილმა. 
 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თანაპარტიელებს წერილით მიმართა და უთხრა, რომ ყველა, ვინც პარტიიდან წავა, ბოკერიას მსგავსად  განულდება. მესამე პრეზიდენტმა ენმ-ს წევრებს ერთიანობისკენ მოუწოდა.