კარგი პირობების შემთხვევაში, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში - ჩინეთის ელჩი
კარგი პირობების შემთხვევაში, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა ჟურნალისტებთან დღეს ჩინეთის საელჩოში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.
ელჩის თქმით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, „სარტყელისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ მიმართ ჩინეთის კომპანიებსა და ჩინურ საწარმოებს ინტერესები გააჩნია.
"სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიულ პარტნიორობას მიაღწიეს. ეს ნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, კონტაქტებს, განსაკუთრებით ეს ეხება შუა დერეფანს, „ერთ გზას და ერთ სარტყელს“, რომელიც გაძლიერდა ახალ დონემდე. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც.
ჩინეთი და საქართველო ორივე დამოუკიდებელი ქვეყნებია. ჩვენ გვაქვს უფლება, გავაკეთოთ არჩევანი, ვინ არის ჩვენი პარტნიორი, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის გარეშე შუა დერეფანში წარმატებას ვერ მივაღწევთ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გამეორებულია ორ მთავრობას შორის ბევრ დოკუმენტში მანამდე. ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ჩინეთის პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. ის, რომ დოკუმენტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნახსენები არ არის, ეს დოკუმენტის მიმართ განზრახ არასწორი მიდგომაა.
ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, „სარტყელისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ მიმართ ჩვენ, ჩინეთის კომპანიებსა და ჩინურ საწარმოებს გვაქვს ინტერესები. კარგი პირობების შემთხვევაში, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში." ამბობს დიპლომატი.
ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ქვეყანა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა. დასავლეთი და ამერიკა ამ პროცესს ეჭვის თვალით უყურებენ და საფრთხეებზე საუბრობენ.
დღეს ჩინეთის საელჩოში კონფერენცია - „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის 10 წლის თავი, ჩინეთის გზა მოდერნიზაციისკენ, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები“ გაიმართა