იტალიელი მეცნიერები გვაფრთხილებდნენ, ფრესკებს ყოველ 5 წელში სჭირდებოდა შემოწმება - დიდებულიძე ყინწვისზე

06.09.23 17:38
იტალიელი მეცნიერები გვაფრთხილებდნენ, ფრესკებს ყოველ 5 წელში სჭირდებოდა შემოწმება - დიდებულიძე ყინწვისზე

ჩუბინაშვილის ცენტრის ექსპერტები ყინწვისში სამუშოების სასწრაფოდ ჩატარებას ითხოვენ. მეცნიერები, ვინც წლებია უნიკალურ ფრესკებს აკვირდებიან, მათი განადგურების საფრთხეებზე საუბრობენ, ამბობენ რომ უნიკალურ ფრესკებს და მხატვრობას ყინწვისის მონასტერში განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგან წლების წინ ბაქტერიის გაჩენის გამო, მხატვრობა ისედაც დაზიანდა და ახლა ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ დარჩენილი ფრესკები სრულად განადგურების საფრთხის წინაშეა.

ექსპერტი მარიკა დიდებულიძე იტალიელი ექსპერტების ყინწვისში 20 წლის წინანდელ ვიზიტს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ მეცნიერებმა ისტორიული ტაძრის ფრესკების 5 წელიწადში ერთხელ შემოწმების რეკომენდაცია გასცეს, თუმცა იმის შემდეგ 20 წელი გავიდა.

ლაჟვარდის საღებავს, რომლითაც სახელგანთქმულია ყინწვისის მხატვრობა, რაღაც დაზიანება შეეპარა და დაიწყო გავარდისფერება. იტალიური ცენტრი წარმომადგენლები ჩამოვიდნენ 4 თვე იქ იყვნენ. გვაფრთხილებდნენ 5 წელიწადში ერთხელ უნდა ნახვა და იმის მერე 20 წელი გავიდა. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების ციკლი, თითქმის 20 სცენა, რაც ძალიან იშვიათია. ის ანგელოზი, რომელიც ნაწილი არის ერთი დიდი სცენის, "მენელსაცხებე დედანი ქრისტეს საფლავთან", მართლაც იქცა სიმბოლოდ შუა საუკუნეების ქართული მხატვრობის. ძველი ხელოვნების ნიმუშს უნდა დროდადრო გადამოწმება, განსაკუთრებით, რომელიც მუზეუმში არ არის, იქ რამემ ხომ არ გამოჟონა, რამე ხომ არ ჩამოვარდა და ა.შ. ყინწვისი იმსახურებს იმას, რომ რაც შეიძლება დიდი ყურადღება მიექცეს". - ამბობს მარიკა დიდებულიძე.

ისტორიული მემკვიდრეობა საფრთხეშია. მონასტერში წყალი ჩადის და  ფრესკებს ასველებს.

ყველაზე მძიმე ვითარება წმ. ნიკოლოზის ტაძარშია, სადაც  ფრესკები ახლაც  სველია. ადგილზე ჩასულ "პირველების"  ჯგუფს ეკლესიის წინამძღოლმა კითხვებზე არ უპასუხა და კამერების გამოჩენამ მისი გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა "პირველებმა" გაარკვია, რომ ეს ამბავი თეა წულუკიანის უწყებამ იცის და ძეგლთა დაცვის სააგენტომ ადგილზე სპეციალისტებიც კი გაუშვა, ფრესკებიც დაასურათეს, თუმცა ძეგლის გადასარჩენად ჯერ არაფერი გაკეთებულა. ტაძარში ისე წვიმს, როგორც გარეთ.