ქრთამის აღების ფაქტზე დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

03.06.21 12:44
ქრთამის აღების ფაქტზე დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დააკავა. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ თანამშრომელი, განსახლების საჭიროების მქონე ეკომიგრანტებისგან, სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული 25 000 ლარიანი ფულადი შემწეობის გაცემის დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ ქრთამის სახით სისტემატიურად იღებდა სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხას. 2021 წლის მარტში, მან წალკის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ მოქალაქეს  გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო ამავე წლის მაისში ადიგენის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ - 2 000 ლარი.
იდენტიფიცირებულია სხვა შემთხვევებიც, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.