ექსკლუზივი: როგორ გამოიყენა პრემიერმა სამთავრობო თვითმფრინავი არდადეგებისთვის (ფაქტები და მტკიცებულებები)

"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - ფაქტებით დადასტურებულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკაში დასასვენებლად სამთავრობო თვითმფრინავით წავიდა.
ნოდარ მელაძის შაბათი პრემიერის ჩარტერული რეისის აქამდე გაუხმაურებელ, ექსკლუზიურ დეტალებს ავრცელებს. მაშ ასე: 19 აგვისტო - შუადღის 14:00 საათი - სამთავრობო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გასაფრენად ემზადება. სი არ ჯი 200 -ის ბორტზე დაახლოებით 10 მგზავრია: პრემიერი, მისი ოჯახის რამდენიმე წევრი და პირადი მცველები. ირაკლი ღარიბაშვილი ამ დღეს საზაფხულო არდადეგებზე შეერთებულ შტატებში გაფრინდა.
"შაბათის ეთერის" გუნდმა მოიპოვა სამთავრობო თვითმფრინავის ფრენის სრული მარშრუტი, რომელიც ადასტურებს, რომ თვითმფრინავი, "სი არ ჯი 200", რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა შვებულების დროის პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, თვითმფრინავს კი ექსპლუატაციას ავიაკომპანია "ჯორჯიან ერავეზი" უწევს. პილოტებიც და ბორტგამცილებლებიც თამაზ გაიაშვილის თანამშრომლები არიან.
ვინ დაავალა სამთავრობო ბორტით ღარიბაშვილი პირად საქმეზე წაეყვანა? - "ჯორჯიან ერავეზის" მფლობელმა "შაბათის ეთერს" უთხრა, რომ პრემიერის მიუნხენში ჩაყვანა და უკან ჩამოყვანა, მას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურმა დაავალა, თუ ამ განცხადებას დავეყრდნობით, სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული ანზორ ჩუბინიძემ ჩაიდინა.
გაიაშვილი გვიმტკიცებს, რომ მან ფრენის შესრულებაზე მოთხოვნა ანზორ ჩუბინიძისგან მიიღო და მისი მოვალეობა არ იყო, იმის შემოწმება, პრემიერი არდადეგებზე მიფრინავდა თუ საქმიანი ვიზიტით.
„თვითმფრინავია მათია, „ჯორჯიან ეარვეიზი“ ემსახურება. პრემიერი არ მიკვეთავს, მიკვეთავს სამთავრობო დაცვა. ყოველთვის ჩუბინიძის უწყება მიკვეთავს. პრემიერ-მინისტრია, თქვენ რომელიმე ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?! - უთხრა ჟურნალსიტური გამოძიების ავტორს თამაზ გაიაშვილმა.
მისივე სიტყვებით: "არ ვიცი პირადი საქმე იყო თუ სამსახურეობრივი, მე არ მაბარებენ, თუ რას აკეთებენ.რაში მჭირდება ამდენი ლაპარაკი? - წავიყვანე გითხარი, დამთავრდა"
ეს ყველაფერი არ არის - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პრემიერი სამთავრობო თვითმფრინავით არა მხოლოდ არდადეგებზე წავიდა, არამედ თვითმფრინავი მიუნხენის აეროპორტში პრემიერის ერთი კვირა ელოდა, ვიდრე ის ამერიკას მოივლიდა, რომ უკან წამოეყვანა.
"შაბათის ეთერთან" „ჯორჯიან ეარვეიზის“ დამფუძნებელს არც ის უარყვია, თანამშრომლები კომპანიამ 19 აგვისტოს დააბრუნა. ისინი ღარიბაშვილის წამოსაყვანად რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მიუნხენში ჩავიდნენ და ღარიბაშვილთან ერთად სამთავრობო თვითმფრინავით დაბრუნდნენ.
პრემიერი უკან, საქართველოში 28 აგვისტოს თბილისში შუადღით, 12 საათსა და 49 წუთზე დაეშვა.
ღარიბაშვილის ამერიკული ვოიაჟი - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი.