პრემიერის დიდი ფულის ფრიალის ზაფხული -ღარიბაშვილმა ცოლის დაბადების დღისთვის მთელი ციხე-სიმაგრე დახურა
პრემიერის დიდი ფულის ფრიალის ზაფხული - "შაბათის ეთერი" ახლად აშენებული ციხესიმაგრიდან ექსკლუზიურ კადრებს ავრცელებს, სადაც პირველ ლედის საიუბილეო წვეულება მოუწყვეს.
ირკვევა, რომ ნუნუკა თამაზაშვილის დაბადების დღისთვის მთელი სასტუმრო კომპლექსი და "შატო დე ვერეს" 7 დარბაზი დახურეს. კადრებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იდგა. "შაბათის ეთერის" კამერამ დააფიქსირა იარაღიანი დაცვა, რომელიც სასტუმროს პარკინგთან სათითაოდ ხვდებოდა ნუნუკა თამაზაშვილის სტუმრებს და რესტორნამდე აცილებდა.
უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობა მხოლოდ პირველი ლედის დაბადების დღეზე სტუმრების მიღება გაცილება არ ყოფილა. ისინი უზრუნველყოფდნენ პარკინგზე გაჩერებული მანქანების შიდა სივრცეში შეყვანას რომ სტუმრებს გზა რესტორნიდან ავტოსადგომამდე ფეხით არ გაევლოთ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 6 სექტემბერს პრემიერის ოჯახის პირად წვეულებაზე დღის 4 საათიდან იყო მობილიზებული. მინიმუმ ღამის 2 საათამდე წვეულების დასრულებას პირადი მცველების ნაწილი მანქანაში უცდიდა.
შაბათის ეთერის კამერის ობიექტივში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილეც მოხვდა. თენგიზ კვაშილავას მოვალეობა წესით ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზება, საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობაა. თუმცა ამ შემთხვევაში ის პრემიერ-მინისტრის მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილის დაბადების დღეზე საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით იყო დაკავებული.
კვაშილავა, რომელიც წესით საქართველოში ჩამოსულ პრემიერ-მინისტრებს , პრეზიდენტებს, და უცხოურ დელეგაციებს უნდა მასპინძლობდეს, იმ დღეს პირველი ლედის პრივატული წვეულების სტუმრების მიღება-გაცილებას უზრუნველყოფდა. როდესაც ნახა, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა კამერამ გადაიღო, მისი დამტვრევაც სცადა.